სავალუტო ფონდი - კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში პრობლემური სესხების ყველაზე დაბალი წილი საქართველოშია
სავალუტო ფონდი - კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში პრობლემური სესხების ყველაზე დაბალი წილი საქართველოშია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საქართველოში პრობლემური სესხების ყველაზე დაბალი წილია.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის მიხედვით, პრობლემური სესხები საქართველოში 20 პროცენტზე ნაკლებია, სომხეთში 20 პროცენტს აჭარბებს, აზერბაიჯანში თითქმის 40 პროცენტს აღწევს, ყაზახეთში დაახლოებით 45 პროცენტის ფარგლებშია, ტაჯიკეთში კი – 60 პროცენტზე მეტია. სტატისტიკა უზბეკეთს და თურქმენეთს არ მოიცავს.

სავალუტო ფონდის ანგარიშში ასახულია ეროვნული ბანკის მონაცემებიც, რომლის საიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკით ე.წ. უმოქმედო სესხების წილი საქართველოში იკლებს. მაგალითად, თუ 2016 წლის პირველ კვარტალში ასეთი სესხები 8.6 პროცენტს შეადგენდა, 2017 წლის პირველ კვარტალში 7 პროცენტამდე, 2018 წლის პირველ კვარტალში კი, 5.5 პროცენტამდე შემცირდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 90 და მეტი დღით ვადაგადაცილებული სესხების წილი მთლიანი საკრედიტო პორტფელის (ბანკთაშორისის გარდა) 2.81 პროცენტს შეადგენს, რაც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.