პრობაციის სააგენტო - მიხეილ თოდუას 18 დარღვევა ჰქონდა, მიუხედავად მის სასარგებლოდ გადადგმული არაერთი ნაბიჯისა, მსჯავრდებულმა ქცევა არ მოაწესრიგა, ვიდრე ბიურომ არ მიმართა სასამართლოს
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მუსიკოს მიხეილ თოდუას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მიხეილ თოდუას საქმესთან დაკავშირებით არსებული ინტერესის გამო განმარტავს, რომ 2020 წლის 26 ოქტომბერს თბილისის პრობაციის ბიურომ, კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიხეილ თოდუას მიმართ შინაპატიმრობის გაუქმების შესახებ შუამდგომლობით.
როგორც ცნობილია, მიხეილ თოდუას სხვადასხვა ნარკოტიკული დანაშაულისთვის (მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის 260-3 მუხლით ჩადენილი დანაშაულისათვის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება განსაკუთრებით დიდი ოდენობით) მისჯილი ჰქონდა პატიმრობა ცხრა წლის ვადით და ის ვადამდე ადრე, შინაპატიმრობით შარშან გათავისუფლდა.
26 ოქტომბერს სასამართლოსადმი მიმართვის მიზეზი მიხეილ თოდუას მხრიდან შინაპატიმრობის ვალდებულების სისტემატური დარღვევა გახდა, რაც, მოქმედი კანონმდებლობით, პირდაპირ ავალდებულებს პრობაციის ბიუროს, მიმართოს სასამართლოს შინაპატიმრობის გაუქმების მოთხოვნით.
ცნობისთვის: აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მიხეილ თოდუას თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით. სახელმწიფომ ამ გადაწყვეტილებით მსჯავრდებულს შესთავაზა ალტერნატივა, რათა მას შესძლებოდა მცირეწლოვანი შვილის აღზრდაში მონაწილეობა და შემოქმედებითი საქმიანობა. თუმცა, მსჯავრდებულს არაერთხელ ჰქონია ამ შეღავათით ბოროტად გამოყენების მცდელობა. იგი აღრიცხვაზე იმყოფება თბილისის პრობაციის ბიუროში, ამასთან, ჰქონდა 21:00-08:00 საათებში შინ ყოფნის ვალდებულება.
2019 წლის 30 დეკემბრიდან მოყოლებული, მიხეილ თოდუას 18 დარღვევა ჰქონდა და მიუხედავად პრობაციის ბიუროს მიერ მის სასარგებლოდ გადადგმული არაერთი ნაბიჯისა, მსჯავრდებულმა თავისი ქცევა არ მოაწესრიგა მანამ, სანამ პრობაციის ბიურომ 2020 წლის 26 ოქტომბერს არ მიმართა სასამართლოს ზემოხსენებული შუამდგომლობით.
დღეს, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარდგინება და მიხეილ თოდუას დაეკისრა შინ ყოფნა 19:00 საათიდან 08:00 საათამდე, ნაცვლად 21:00-08:00 საათისა“, – აღნიშნულია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სასამართლომ დღეს მუსიკოს მიხეილ თოდუას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მუსიკოსი შინაპატიმრობაში
დატოვა. თუმცა, სასამართლომ დააკმაყოფილა პრობაციის სამსახურის მეორე შუამდგომლობა შინაპატიმრობის საათების გაზრდასთან დაკავშირებით.