მუსიკოსი მიხეილ თოდუა - პრობაციის სამსახურის პოზიცია არასწორია, კანონი არ დამირღვევია
მუსიკოსი მიხეილ თოდუა - პრობაციის სამსახურის პოზიცია არასწორია, კანონი არ დამირღვევია

მუსიკოსი მიხეილ თოდუა აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გაუზარდა სასამართლომ შინაპატიმრობის საათები და აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.​

„თავიდან ბოლომდე არ ვეთანხმები. სიმართლე გითხრათ, ვერ გავარკვიე, რატომ დამაკლეს ის ორი საათი და საერთოდ რატომ დამსაჯეს. არც პრობაციის სამსახურის მხრიდან არ არის წარდგენილი არგუმენტები, ვერ წარადგინეს. მოსამართლემაც იმსჯელა და გადაწყვიტა. პრობაციამ წარადგინა – ერთი, ითხოვდნენ ჩემს შებრუნებას საპატიმროში და მეორე, კონტრარგუმენტი აღმოჩნდა, რომ ითხოვენ შემიმცირონ თავისუფლების პერიოდი. სასამართლომ, ამ ორიდან ერთ-ერთი აირჩიეთო, ჩვენ არც ერთი არ ავირჩიეთ და მოსამართლემ გადაწყვიტა, ცოტათი დამსაჯოს და ორი საათი კიდევ მომაკლოს. ამ გადაწყვეტილებას ვაფასებ ისე, თითქოს არც განხილულა ღრმად, არც ადვოკატებს მიეცათ იმის საშუალება, რომ წესიერად წარედგინათ ყველაფერი და ვერც მე გავიგე, რატომ ვისჯები. ისევე ბუნდოვნად დარჩა, როგორც იყო აქამდე. ალბათ, გავასაჩივრებთ და იმედია, ამ გასაჩივრებით მაინც მივაღწევთ სამართალს, თუ არადა, ამასობაში გავა წელი და ათი თვე, დამთავრდება და ალბათ დამანებებენ თავს“, – განაცხადა მიხეილ თოდუამ.

მისი თქმით, კანონი არ დაურღვევია და პრობაციის სამსახურის პოზიცია არასწორია.

„ყველაფერი, რასაც ლაპარაკობს პრობაციის სამსახური ბრალის კუთხით, არის არასწორი. კანონიერი არ არის გადაწყვეტილება. კანონიერად არაფერი დამირღვევია. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულერთია, ახლა გარეთ დამტოვებდით თუ შემაბრუნებდით. სამართლიანობის ძებნაში არ დავიღლები და ვიბრძოლებ, რათა ჩემი სამართლიანობა დავამტკიცო. ექვსი წელი ციხეში გავატარე და ერთი სიტყვიერი შენიშვნაც არ დამიმსახურებია. თუ მსჯით, გასაგებად მაინც მითხარით, რატომ მსჯით“, – დასძინა მიხეილ თოდუამ.

სასამართლომ დღეს მუსიკოს მიხეილ თოდუას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მუსიკოსი შინაპატიმრობაში დატოვა. თუმცა, სასამართლომ დააკმაყოფილა პრობაციის სამსახურის მეორე შუამდგომლობა შინაპატიმრობის საათების გაზრდასთან დაკავშირებით.