სასამართლომ მუსიკოს მიხეილ თოდუას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მუსიკოსი შინაპატიმრობაში დატოვა
სასამართლომ მუსიკოს მიხეილ თოდუას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მუსიკოსი შინაპატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ გაითვალისწინა პრობაციის ბიუროს მოთხოვნა მუსიკოს მიხეილ თოდუას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით და მუსიკოსი კვლავ შინაპატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა პრობაციის სამსახურის მეორე შუამდგომლობა შინაპატიმრობის საათების გაზრდასთან დაკავშირებით. მუსიკოსს შინაპატიმრობის პერიოდი ორი საათით გაეზარდა და მას 19:00-დან დილის 08:00 საათამდე მოუწევს შინ ყოფნა.

პრობაციის სამსახური აცხადებდა, რომ მუსიკოსს შინაპატიმრობის წესების დარღვევა არასაპატიოდ ჩაეთვალა, რადგან არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მათივე განმარტებით, თოდუას 13 ოქტომბრამდე წინასწარ რომ ეცნობებინა მათთვის, შეატყობინებდნენ, რომ აღნიშნული გადაცილება საპატიოდ არ ჩაეთვლებოდა.

მიხეილ თოდუას ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, მუსიკოსი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, პრობაციის სამსახურს წინასწარ აფრთხილებდა და საათების გადაცილება საპატიოდ ეთვლებოდა.

„ამ ერთი წლის განმავლობაში 26 ღონისძიებაზე იყო და მანამდე პრაქტიკაში როდესაც ღონისძიებებზე მიდიოდა, მიმართავდა პრობაციის სამსახურს, აცნობებდა და მას საპატიოდ ეთვლებოდა. თუმცა, რატომ მოხდა ამ ორ შემთხვევაში, ჩვენთვის უცნობია. თუ ჩავხედავთ დადგენილებას, 22:00 საათიდან შეზღუდული იყო რესტორნებისა და ბარების ფუნქციონირება და არა წინასაარჩევნო ღონისძიებაში მონაწილეობა. ამ შემთხვევაში თოდუა იყო „გირჩის“ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, სადაც ის ასრულებდა მის პროფესიულ მოვალეობას“, – განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ თოდუას 2013 წელს ცხრა წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და მოხმარებისთვის. ის თითქმის ექვსი წელი იხდიდა სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2019 წლის ოქტომბერში კი საპატიმრო სასჯელი შეეცვალა შინაპატიმრობით – ორი წლისა და 11 თვის ვადით. შინაპატიმრობის წესების შესაბამისად, თოდუას დაეკისრა საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება 21:00 საათიდან 08:00 საათის ჩათვლით. სწორედ აღნიშნული ვალდებულების დარღვევას ასახელებდა პრობაციის ბიურო შინაპატიმრობის გაუქმების მოთხოვნის მიზეზად და თოდუას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვდა.