პრინცი ჰარისა და ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის ჯვრისწერის ცერემონია დაიწყო. ცერემონია 25 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. ჯვრისწერის ცერემონიას 600 სტუმარი ესწრება. ქუჩებში კი, 100 ათასზე მეტი ადამიანია გამოსული.
სტუმრებს შორის, ვინც უინძორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მივიდნენ, იყვნენ ლეგენდარული ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, მომღერალი ჯეიმს ბლანტი, ბრიტანელი მსახიობი იდრის ელბა, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, ჯორჯ და ამალ კლუნები, ელტონ ჯონი და ასევე, ქეით მიდლტონის ოჯახის წევრები.
პოლიტიკოსები, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, ცერემონიაზე არ მიუწვევიათ. მე-15 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, სადაც ჯვრისწერის ცერემონია მიმდინარეობს, ყვავილებით არის გაფორმებული.
ჯვრისწერის ცერემონიის შემდეგ ახალდაქორწინებული წყვილი ეტლით უინძორის უძველეს ქუჩებში გაისეირნებს, რის შემდეგაც სასახლეში დაბრუნდებიან.