პრეზიდენტს კანონების ხელმოწერის ან მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის დასაბრუნებლად, ორი კვირის ნაცვლად, ათდღიანი ვადა ექნება
საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციური კანონის, ორგანული კანონისა და კანონის ხელმოწერის ან მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტისთვის დასაბრუნებლად, ორი კვირის ნაცვლად, ათდღიანი ვადა ექნება.
შესაბამისი ცვლილებები „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. პროექტის ინიციატორები დეპუტატები – ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი კახიანი, სოფიო კილაძე და რატი იონათამიშვილი არიან.
კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ ინიციატივის მომზადება საქართველოს კონსტიტუციაში შესულმა ცვლილებებმა განაპირობა.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მისთვის კანონის გადაცემიდან 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კონსტიტუციურ კანონს, ორგანულ კანონსა და კანონს, ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს ორი შემთხვევის გარდა, როცა კონსტიტუციური კანონის მიღება უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ორი მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის მიღებას.