ინაუგურაციას სომხეთის პრეზიდენტი, ლიტვის სეიმის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები დაესწრებიან
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის დღეს, 16 დეკემბერს, თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ილია ჭავჭავაძის საფლავს გვირგვინით შეამკობს, ასევე დაგეგმილია გმირთა მემორიალზე მისვლაც. ამის შესახებ ინაუგურაციის მოსამზადებელი კომისიის წევრმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
ამასთან, მან ინაუგურაციის სტუმრებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვა სომხეთის პრეზიდენტი, რომლისგანაც შესაბამისი დასტური მიღებულია, ასევე სხვა ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები.
„თბილისში, როგორც ცნობილია, არჩეული პრეზიდენტი მიბრძანდება წმინდა ილია მართლის საფლავზე. ასევე პატივს მიაგებს პანთეონში განსვენებულ საზოგადო მოღვაწეებს, ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი პიროვნებების საფლავებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
ზუსტად ვიცით, რომ ჩამობრძანდება სომხეთის პრეზიდენტი. საუბარი მქონდა ლიტვის საელჩოსთან და ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ჩამოვა, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები იქნებიან“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.