საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მსახიობ დიმა ჯაიანის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
“გულისტკივილით მივიღე ცნობა თვალსაჩინო მსახიობის, დიმა ჯაიანის გარდაცვალების შესახებ.
ბატონი დიმა ერთნაირი სიყვარულითა და ერთგულებით ემსახურებოდა საკუთარ პროფესიასა და სამშობლოს. საქართველოს ერთიანობის, მშობლიურ აფხაზეთში ქართული თეატრის დაბრუნების იმედი მისი ბრძოლისა და შემოქმედების უმთავრესი მასაზრდოებელი იყო. მისი სახით ახლობლებმა და კოლეგებმა გულისხმიერი მეგობარი და თეატრისთვის თავდადებული ადამიანი, ქვეყანამ კი – კარგი მამულიშვილი დაკარგა.
ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დიმა ჯაიანის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას”,- წერს პრეზიდენტი “ფეისბუქ” გვერდზე.
სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.