პრემიერმა დეპუტატებს იმ კომპანიების ჩამონათვალი გააცნო, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს რუსულ კომპანიებზე გასხვისდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატებს იმ კომპანიების ჩამონათვალი გააცნო, რომლებიც, კვირიკაშვილის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში რუსულ კომპანიებზე გასხვისდა.
პრემიერმა აქვე განმარტა, რომ ხელისუფლებას აღნიშნული კომპანიების მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს და ეს ჩამონათვალი არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა მათ უპირისპირდება.
გიორგი კვირიკაშვილმა, თავდაპირველად, საუბარი დაიწყო „როსნეფტის“ მიერ ფოთის ტერმინალის შეძენის საკითხზე და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, „როსნეფტი“ ფოთის ტერმინალის ირიბი მფლობელია. მისი თქმით, ეს იყო კერძო გარიგება. როგორ პრემიერმა აღნიშნა, პირველი გასხვისება მოხდა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე, შემდეგ უკვე აღნიშნული ობიექტი კერძო მფლობელმა გაასხვისა.
კვირიკაშვილი განმარტავს, რომ იქ არის ოფშორული კომპანია, თუმცა ბენეფიციარი მფლობელი არის რუსული „როსნეფტი“.
„მე არ მინდოდა ამ ტონალობაში გადასვლა და არც თქვენ მინდა ჩათვალოთ, რომ რაღაც ნიშნის მოგებით გელაპარაკებით, უბრალოდ, ეს იყო კერძო გარიგება და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ძალიან მოკლე სია იმ ობიექტების, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახელმწიფომ გაასხვისა რუსულ კომპანიებზე.
ეს გახლავთ „ჟინვალჰესი“, „ხრამი ერთი“ რუსულ კომპანია „რაო ესზე“, ეს გახლავთ „ხრამი ორი“. წინასწარვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს კომპანიები დღეს ფუნქციონირებენ საქართველოში და ჩვენს ხელისუფლებას მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და ეს ჩამონათვალი არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ ვუპირისპირდებით, მაგრამ მე უბრალოდ ფაქტი მომყავს, თქვენი ხელისუფლების პერიოდში განხორციელებული პრივატიზაციების.
ეს არის გარდაბნის მეცხრე ენერგობლოკი, რომელიც თავდაპირველად გასხვისდა „ინტერრაოზე“, ეს არის გარდაბნის მეათე ენერგობლოკი, რომელიც ასევე „ინტერრაოზე“ გასხვისდა, ეს არის „მადნეული“, რომელიც რუსულ კომპანია „პრომიშენი ინვესტორი“ ასეთ კომპანიაზე გასხვისდა, ეს არის „კვარციტი“, რომელიც ამავე კომპანიაზე გასხვისდა, ეს არის კომპანია „ბილაინი“, რომელიც რუსულ კომპანიზე გასხვისდა, ეს არის რუსული კომპანია, რომელიც შემოვიდა ჩვენს ბაზარზე და მიიღო ლიცენზია, ეს არის „აზოტი“, ეს არის გაერთიანებული ქართული ბანკი, რომელიც „ვი-თი-ბი“-ზე გასხვისდა, ეს არ იყო სახელმწიფო ბანკი, ეს უბრალოდ კერძო ტრანზაქციაა, ამასაც ხაზს ვუსვამ და ეს არის „ლუკოილი“, რომელიც შემოვიდა ბაზარზე.
ელმავალთმშენებელი ქარხანა, რომელიც რუსულ კომპანიაზე გასხვისდა. ე.წ. არამიანცის პირველი საავადმყოფო, ეს არის „თბილისის წყალი“, ასევე რუსულ კომპანიაზე გასხვისებული. ეს არის ძალიან მოკრძალებული ჩამონათვალი, უბრალოდ კონტრასტისთვის, რომ თქვენ იცოდეთ და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, როდესაც თქვენ პრეტენზიებს გვიყენებთ ამ კუთხით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ქართული კომპანიების პრივატიზაციის საკითხზე საუბრის შემდეგ პრემიერი „გაზპრომის“ საკითხს შეეხო.
„ასევე მინდა გითხრათ, რომ „გაზპრომთან“ არსებული შეთანხმება და ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით, სამწუხაროდ, კიდევ მინდა ვთქვა, ჩვენ ალტერნატივა არ გაგვაჩნდა იმიტომ, რომ სომხეთმა უკვე უზრუნველყო ირანიდან შემომავალი გაზსადენის განშტოების მშენებლობა, მათ აბსოლუტურად შექმნილი აქვთ ალტერნატიული მიწოდების საშუალება და ჩვენ რომ ეს ნაბიჯი არ გადაგვედგა, ზუსტად ვიცოდით, რომ შესაძლო იყო ამ ტრანზიტის ჩაკეტვა და საქართველო საერთოდ დაკარგავდა ამ შემოსავალს.
მე კიდევ ერთხელ ვამბობ, სამწუხაროდ, ეს საკითხი გაპოლიტიზდა, იყო უამრავი ვნებათაღელვა, ეს არის ჩემი პასუხი ძალიან მოკლედ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.