პრემიერის ანგარიში - იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ
პრემიერის ანგარიში - იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობისა და მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, რაც უკიდურესად ართულებს სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას, იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ, სამშვიდობო ინიციატივებში ჩართვის სურვილს, რაც უმთავრესი შედეგია ამ პოლიტიკის საბოლოო მიზნების მისაღწევად, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობისა და ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ფუნქციონირებას აგრძელებდა სამშვიდობო ინიციატივის − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში მოქმედი „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც გრანტებს გასცემს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ერთობლივი ბიზნესპროექტების მხარდასაჭერად.

ანგარიშის თანახმად, 2023 წლის 15 მაისი−15 ივნისის პერიოდში, მშვიდობის ფონდის მეოთხე საგრანტო კონკურსის ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 129 ბიზნესპროექტი დარეგისტრირდა, რაც განაცხადების სტაბილურ მატებას და, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მზარდ ინტერესს ადასტურებს.

„შედეგად, დაფინანსდა 22 ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ბიზნესპროექტი; ჯამურად, ფონდის ამოქმედებიდან (2020 წლის სექტემბერი) ოთხი საგრანტო კონკურსის ფარგლებში 300-ზე მეტი ბიზნესპროექტი დარეგისტრირდა, რომელთაგან 100-მდე პროექტია დაფინანსებული. ამასთან, 2023 წელს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ფონდს საქართველოში რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტებზე გრანტის გაცემის და, ამგვარად, კიდევ უფრო მეტი ერთობლივი ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ბიზნეს ინიციატივების დაფინანსების შესაძლებლობა მიეცა. მშვიდობის ფონდი გრანტებს გასცემს საერთაშორისო კონტრიბუციების საფუძველზე. საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ფონდის წარმატებული საქმიანობის შედეგად, შვეიცარიისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაფინანსების გაზრდის შესახებ. საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე შეუფერხებელი და გამარტივებული წვდომის ხელშეწყობა. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში მოქმედი არაერთი საშეღავათო პროგრამის გამოყენებით, 2023 წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში უგამოცდოდ ჩაირიცხა 235 სტუდენტი, ხოლო საკუთარი სურვილით ეროვნული გამოცდების გავლის შედეგად დამატებით ექვსი ახალგაზრდა; ამასთან, ოთხი ახალგაზრდა ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებლებში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო ე.წ. „1+4“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც განკუთვნილია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, აფხაზებისა და ოსებისთვის. სამშვიდობო ინიციატივის შესაბამისად, გაგრძელდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე, მათ შორის საქართველოს მოქალაქის პასპორტზე გამარტივებული წესით წვდომის უზრუნველყოფა. 2023 წელს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ოკუპირებული რეგიონებიდან 142-მა ადამიანმა აიღო. საქართველოს მთავრობა აქტიურად განაგრძობდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან, უფასო ჯანდაცვაზე წვდომის უზრუნველყოფას. ამ მიზნით, შეუფერხებლად გრძელდებოდა „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ ეფექტიანი ფუნქციონირება და მის ფარგლებში საჭირო სამედიცინო მომსახურების უფასოდ გაწევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, რითიც საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის რეგიონიდან – 1 178-მა, ხოლო ცხინვალის რეგიონიდან 298-მა ადამიანმა (სულ: 1 476) ისარგებლა. საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებების განხორციელების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის შესაძლებელი გახდა აღნიშნული პროგრამის მიღმა არსებულ ჯანმრთელობის დაცვის სპეციალურ სახელმწიფო პროგრამებში ჩართვა და უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში ამოქმედებული ნეიტრალური პირადი ნომრის ფლობის საფუძველზე“, – ნათქვამია ანგარიშში.