პრემიერი - ბორჯომის ხანძრის დროს უფლება არ მქონდა, პოლიტიკური მიზეზების გამო რუსეთის დახმარებაზე უარი მეთქვა
ბორჯომის ხანძრის დროს, შვეიცარიის მეშვეობით, პირველივე დღეს იყო გაგზავნილი ნოტა რუსეთის მთავრობაში, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე განაცხადა, სადაც ბორჯომის ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით რუსეთისთვის დახმარების თხოვნის საკითხზე ისაუბრა.
პრემიერის თქმით, როდესაც ნახეს, რომ ცეცხლის კერა გაიზარდა და ახალ ტერიტორიებზე გადასვლის საფრთხე გაჩნდა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს დაავალა, რუსეთისთვის გაგზავნილი მოთხოვნა სასწრაფო წესით განეახლებინა.
„ბორჯომის ხანძრის დროს ტექნიკის გამოყენებას რაც შეეხება, პირველივე დღეს იყო ნოტა გაგზავნილი რუსეთის მთავრობაში, შვეიცარიის მეშვეობით ჩვენ გადავეცით ეს ნოტა. იქ იყო საჭირო ტექნიკა, რომელიც საცეცხლე კერებთან ახლოს მიდიოდა. ყველაზე ეფექტური ასეთ დროს აღმოჩნდა ვერტმფრენებით წყლის მიტანა საცეცხლე კერებთან და ჩვენ მივიღეთ დახმარება და აღარ ჩამოვთვლი იმ ქვეყნებს.
როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ ცეცხლის კერა გაიზარდა და ახალ ტერიტორიებზე გადასვლის საფრთხე გაჩნდა, იმ ღამესვე მივიღე გადაწყვეტილება და ღამის 2 საათზე დავურეკე ზურაბ აბაშიძეს, რომ დილისთვის სასწრაფო წესით განეახლებინა ჩვენი მოთხოვნა. იქიდან წამოვიდა თანხმობა, მაგრამ ქარის მიმართულებამ და არსებულმა ტექნიკამ დილით მოგვცა საშუალება, რომ ლოკალიზება გაგვეკეთებინა ცეცხლის და ნამდვილად აღარ გახდა საჭირო დიდი თვითმფრინავების შემოყვანა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში, უფლება არ ჰქონდა, პოლიტიკური მიზეზების გამო მსგავს დახმარებაზე უარი ეთქვა.
„დამერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან თუ გახდება საჭირო, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, არავითარ შემთხვევაში, ასეთ დახმარებაზე უარს არ ვიტყვი. მე არ მაქვს არანაირი უფლება ასეთი უარი ვთქვა პოლიტიკური მიზეზების გამო და მზად ვიყავი, მიგვეღო ეს დახმარება.
მთელი ამბავი ატყდა ამაზე და საერთოდ არ მაღელვებს იმ ადამიანების რეაქცია, რომელიც ამ ტიპის დახმარებაზე უარყოფითი რეაქცია გააკეთეს, არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ ერთი პატარა ჯგუფი ადამიანების მიერ ბორკილებდადებულები და ჩვენი ქვეყნის შველა როცა არის საჭირო, არ ვუშველოთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.