პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავებს მოუწოდა, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით

მე პირადად ვარ იმის გარანტი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილი ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„მინდა გამოვეხმაურო ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისში განვითარებულ მოვლენებს. გუშინ დილიდან ჩვენს გუნდში მიმდინარეობდა იმ საკითხების აქტიური განხილვა, რაზეც ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები დღეს და გუშინ ქუჩაში ამ შენობიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით ასე ემოციურად საუბრობენ.

გუშინ საღამოსვე კახა კალაძემ ჩვენი გუნდის სახელით გააკეთა განცხადება, სადაც მკაფიოდ იქნა გამოხატული ჩვენი პოზიცია დღევანდელ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით და მოუწოდა ყველას, ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს საზოგადოებას გაერთიანებისკენ. იმ უმძიმეს დანაშაულთან ბრძოლაში, რასაც ნარკოტიკების რეალიზაცია ჰქვია და რასაც ბოლო პერიოდში არა ერთი ადამიანის ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.

ის, რომ სახელმწიფოს ექნება ერთი მხრივ ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი პოზიცია და იქნება გაცილებით უფრო ჰუმანური მომხმარებლების მიმართ, არა ერთხელ მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ.

მინდა, კიდევ ერთხელ მოგმართოთ, ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, ჩვენო ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ ხართ მომავალ თაობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. მე პირადად ვარ იმის გარანტი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი იმ უდიდეს მონაპოვართაგანი, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება, თითოეული ჩვენგანი სრულიად სამართლიანად ამაყობს და რა თქმა უნდა, ეს უპირველეს ყოვლისა, თქვენი მონაპოვარიც არის, ყველა თქვენგანის“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით.

„ის, რომ ადამიანი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია გასული საათების მანძილზე დადასტურდა. პოლიცია, სამართალდამცავი უწყებები აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თქვენ შეუზღუდავად შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა. ამ ფონზე, როდესაც სახელმწიფო მოწოდებულია და ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლებების დასაცავად, კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა.

მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა მხარეს ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. თუმცა, აზრის გამოხატვისას დაპირისპირება არის ყოვლად დაუშვებელი. რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, შევინარჩუნოთ ერთიანობა ერთი საერთო მიზნის გარშემო. იმ მიზნისა, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მომავალ თაობაზე ზრუნვა და მათი სიცოცხლის დაცვა. ნუ დაუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო. გავერთიანდეთ ადამიანების სიცოცხლისა და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.