პრემიერ-მინისტრმა ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს მიუსამძიმრა
პრემიერ-მინისტრმა ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს მიუსამძიმრა.

სამების საკათედრო ტაძარში, ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე.

„ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი პოეტის წასვლა ამ ქვეყნიდან. ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნებოდა იმ დიდ პოეტთა პლეადას, რომლებმაც შექმნეს მთელი ეპოქა. მისი ღონიერი სიტყვა ნამდვილად  დიდხანს დარჩება ქართულ ცნობიერებაში. გულისტკივილით ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მიხეილ გიორგაძის თქმით, ჯანსუღ ჩარკვიანი გამოირჩეოდა ძალიან აქტიური პრინციპული მოქალაქეობრივი პოზიციით.

„დღეს ძალიან მძიმე დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ვემშვიდობებით ადამიანს, რომლის ღვაწლიც ქართულ კულტურაში უაღრესად დიდია. გარდა თავის შემოქმედებისა, ჯანსუღ ჩარკვიანი გამოირჩეოდა ძალიან აქტიური პრინციპული მოქალაქეობრივი პოზიციით. ის წლების განმავლობაში ჟურნალებს, „ცისკარსა“ და „დილას“ რედაქტორობდა. სწორედ „ცისკარში“ გამოქვეყნდა ჭაბუა ამირეჯიბის დათა თუთაშხია და წარმოიდგინეთ, ეს იმ დროისთვის როგორი გაბედული ნაბიჯი იყო. მისი წასვლით გარკვეულწილად გარკვეული ეპოქა დასრულდა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. მე მინდა, მის ოჯახს მივუსამძიმრო და ჯანსუღის შემოქმედების გულშემატკივრებს“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.