პრემიერ-მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა - დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან, ეს არის ჩემი სიტყვა
საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც დღემდე ვახორციელებდით, რისი შედეგიც იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წილკანში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რაც მოხდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია და ძალიან ვერაგული ქმედება ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ.
„ერთი რამ უნდა ითქვას, რომ რაც მოხდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია და არის ძალიან ვერაგული ქმედება ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერი არის გამიზნული იმისთვის, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამდით, იქნეს დისკრედიტებული.
საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც დღემდე ვახორციელებდით, რისი შედეგიც იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, ამას წინ ვერაფერი დაუდგება ნამდვილად და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან, ეს არის ჩემი სიტყვა“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს დროში იყოს გადმოსვენებული.
„სამძიმარი ვუთხარი ოჯახს, ჩამოვედი და მივაწოდე ინფორმაცია, რა ნაბიჯებს ვდგამთ.
საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ახორციელებს ყველაფერს რაც ჩვენს ხელთ არის, ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ იმისათვის, რომ უმოკლეს დროში იყოს ცხედარი გადმოსვენებული“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.