პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 26 მაისს მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, 26 მაისს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება.
„26 მაისს 80 წელი უსრულდება ჩვენს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თავისუფლებასთან ბრძოლა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავაარსებთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდიას.
ეს არის განსაკუთრებული დღე ჩვენი მოქალაქეებისთვის, შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ 26 მაისის აღნიშვნა განსაკუთრებით წარმოჩენილი იყოს საქართველოს რეგიონებში და საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება ეს ღონისძიებები. 26 მაისის აღნიშვნის პერიოდში გარკვეული სიურპრიზებიც იქნება და თითოეული ჩვენგანი ნახავს ამას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.
მერაბ კოსტავა დაიბადა თბილისში 1939 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული და გადასახლებულიც კი.
ბოლოს ის გადასახლებიდან 1987 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ზვიად გამსახურდიასთან ერთად კვლავ განაგრძო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.
მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს ტრაგიკულად დაიღუპა.