ბიზნესომბუდსმენი „ბადაგონის" დამფუძნებელსა და საგამოძიებო სამსახურის უფროსს შეხვდა
ბიზნესომბუდსმენი „ბადაგონის" დამფუძნებელსა და საგამოძიებო სამსახურის უფროსს შეხვდა

შპს ,,ბადაგონთან“ დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი კომპანიის დამფუძნებელ გიორგი სალაყაიას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს, ლევან გამყრელიძეს შეხვდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

ბიზნესომბუდსმენმა კომპანიის დამფუძნებლისგან საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინა, მათ შორის, გიორგი სალაყაიას მხრიდან უკმაყოფილება გამოითქვა საგამოძიებო ორგანოს მიერ კონკრეტული გარემოებების შესწავლა-დადგენისთვის საჭირო დოკუმენტებისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების  პროცესთან დაკავშირებით.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის, ლევან გამყრელიძის  თქმით, კომპანია ,,ბადაგონს“ წარმოების პროცესის  ჩვეულ რეჟიმში წარმართვის შესაძლებლობა აქვს. მისივე განცხადებით, „ბადაგონის“ სათაო ოფისში საგამოძიებო მოქმედებები კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარდა და პროცესი მომავალშიც გამჭვირვალედ წარიმართება.

შპს ,,ბადაგონის“ დამფუძნებლის თქმით, კომპანიაში საწარმოო პროცესი უახლოეს დღეებში სრულად აღდგება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ირაკლი ლექვინაძემ „ბადაგონში“ მიმდინარე პროცესები პირად კონტროლზე აიყვანა.

შპს „ბადაგონის” წილების მითვისების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.