პოროშენკოს ადმინისტრაციაში უარყოფენ, რომ სააკაშვილი უკრაინიდან პრეზიდენტთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიის თვითმფრინავით გააძევეს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გაგზავნეს, პეტრო პოროშენკოსთან დაკავშირებულ ოფშორულ კომპანიას ეკუთვნის. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი განყოფილების ხელმძღვანელი ვლადიმირ გორკოვენკო წერს.
„სახალხო დეპუტატმა, იგორ ლუცენკომ პეტრო პოროშენკოს მიაწერა თვითმფრინავი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაცია მოხდა. მინდა ოფიციალურად ვაცნობო და მოვუწოდო ჟურნალისტებს, გადაამოწმონ ინფორმაცია და არ გაავრცელონ ეს პრიმიტიული ყალბი ამბავი. ის თვითმფრინავი იმდენად დაშორებულია პოროშენკოს, რამდენადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი თავის სამშობლოს“, – წერს გორკოვენკო.
როგორც მანამდე, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სახალხო დეპუტატმა იგორ ლუცენკომ დაწერა, თვითმფრინავი, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში ჩაიყვანეს, უკრაინის ლიდერთან დაკავშირებულ ოფშორულ კომპანიას ეკუთვნოდა.