პომპეის არქეოლოგიურ პარკში ვაზის ქართული ჯიშებისგან ექსპერიმენტული ვენახი გაშენდება
2 სექტემბერს, პომპეის არქეოლოგიურ პარკში გაიმართა მასშტაბური ღონისძიება სახელწოდებით – „ანტიკური პომპეის ყოფა-ცხოვრებისა და ღვინის შესახებ“, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია და ქართული და იტალიური ღვინოების გამოფენა-დეგუსტაცია.
იტალიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, პომპეის არქეოლოგიურ პარკში ქართული ვაზის ჯიშებისგან ექსპერიმენტული ვენახის გაშენების მიზნით, ღონისძიების ფარგლებში, პარკის ადმინისტრაციას შესაბამისი ნერგები გადაეცა.
ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა იტალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე. ელჩმა საქართველოსა და იტალიას შორის ისტორიულად არსებულ მჭიდრო კავშირებზე და ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე. სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, დავით მაღრაძემ.
ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, იტალიის სახელმწიფო ინსტიტუციების, სამეცნიერო და ბიზნესწრეების, მედიის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და სომელიეები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო კომპანია MysteryApple Communication-ი, ხოლო მისი პარტნიორები – პომპეის არქეოლოგიურ პარკი, კამპანიის რეგიონის ადმინისტრაცია, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, საქართველოში იტალიის საელჩო, იტალიაში საბერძნეთისა და კვიპროსის საელჩოები.