პოლონეთში სამართალდამცველებმა დემონსტრანტები ცრემლსადენი აირის საშუალებით დაარბიეს
ვარშავაში დემონსტრაციის მონაწილეები სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირის საშუალებით დაარბიეს. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასამართლო სისტემაში ცვლილებების წინააღმდეგ მიმდინარეობს.
ივლისის დასაწყისში პოლონეთის ზედა პალატამ უზენაესი სასამართლოს შესახებ კანონი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც მოსამართლეები პენსიაზე 65 წლის ასაკიდან გავლენ. თუ რომელიმე მათგანს დაკავებულ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გახანგრძლივების სურვილი ექნება, მოსამართლემ თხოვნით უნდა მიმართოს პრეზიდენტს და წარუდგინოს ჯანმრთელობის ცნობა.
კანონში ასევე შევიდა შესწორება, რომელიც მმართველ პარტიას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის საშუალებას აძლევს. დოკუმენტის ძალაში შესვლისთვის პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.
ევროკავშირი, ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები და ოპოზიციური ძალები ქვეყნის ხელისუფლებას სასამართლოს დამოუკიდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ. თუმცა, მმართველ „სამართალი და სამართლიანობის” პარტიაში აცხადებენ, რომ შესწორება სასამართლოების ეფექტურობის გაძლიერებისა და კომუნისტური წარსულის გავლენის აღმოფხვრისთვისაა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისია პოლონეთში კანონის უზენაესობის დარღვევის შესახებ უპრეცედენტო გამოძიებას აწარმოებს. პოლონეთის წინააღმდეგ აღძრულია რამდენიმე საქმე. თუ ევროკომისია კანონდარღვევას დაადგენს, ვარშავა მილიარდობით ევროს ოდენობით ფინანსურ დახმარებას დაკარგავს.