პოლონეთის სეიმში, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რამდენიმე წუთით შუქი ჩააქრეს
ვარშავაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორდღიან სესიაზე, პოლონეთის სეიმში, უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, რამდენიმე წუთით შუქი ჩააქრეს. რუსეთის მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის გამო, მილიონობით უკრაინელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„ეუთო-ს შემოდგომის სესია ჩატარდა ვარშავაში. ეს არის ქალაქი, რომელიც ნანგრევებიდან აღდგა. მეორე მსოფლიო ომის დროს სრულიად განადგურებული, აღდგა და დღეს წარმოადგენს ადამიანების გადარჩენის ნების ცოცხალ მაგალითს. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელ ერს არ აკლია გადარჩენის ნება, რომელიც, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, რუსეთთან ომში გამარჯვების შემდეგ გააგრძელებს კეთილდღეობისკენ და ახალი, უკეთესი მომავლისკენ სწრაფვას“, – განაცხადა პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბარბარა ბარტუშმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას 52 ქვეყნის 200 დელეგატი ესწრებოდა. სესია პოლონეთის სეიმის სხდომათა დარბაზში ჩატარდა. ორდღიანი დისკუსია ფოკუსირებული იყო უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის გავლენაზე ევროპის უსაფრთხოებაზე. სესიის დაწყებამდე, ეუთო-ს თავმჯდომარე პოლონეთის მთავრობამ უარი უთხრა ვიზების გაცემაზე რუსეთის დელეგაციის წევრებს.
ამასთან, როგორც უკრაინის დელეგაციის წევრი ევგენია კრავჩუკი აცხადებს, უკრაინის რადას დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს, რადგან ასამბლეის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა რუსეთის გარიცხვისთვის წესების ცვლილებები ვერ მიიღო.