უკრაინის დელეგაციის წევრი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას ბოიკოტს ვუცხადებთ, ასამბლეის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა ვერ შეცვალა წესები, რათა გაერიცხა რუსეთის დელეგაცია
უკრაინის დელეგაციის წევრი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას ბოიკოტს ვუცხადებთ, ასამბლეის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა ვერ შეცვალა წესები, რათა გაერიცხა რუსეთის დელეგაცია

უკრაინის რადას დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს მას შემდეგ, რაც ასამბლეის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა რუსეთის გარიცხვისთვის წესების ცვლილებები ვერ მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის წევრმა, ევგენია კრავჩუკმა განაცხადა.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა ვერ შეცვალა წესები, რათა გაერიცხა რუსეთის დელეგაცია. დღეიდან ჩვენ, უკრაინული დელეგაცია, ბოიკოტს ვუცხადებთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას, ვიდრე ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ ჩამოაყალიბებს თავის დამოკიდებულებას მასში რუსი პროპაგანდისტებისა და ტერორისტი სახელმწიფოს, კრიმინალი სახელმწიფოს წარმომადგენლების მიმართ“, – დაწერა კრავჩუკმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

პროტესტის ნიშნად, კომიტეტის სხდომა, უკრაინელ დელეგატებთან ერთად, ესტონეთისა და ლიეტუვის დელეგაციების წევრებმაც დატოვეს.

მანამდე ეუთო გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი განცხადებით, 9-თვიანი უწყვეტი დანაშაულების შემდეგ რუსეთი კვლავ რჩება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრად.

ამასთან, ეუთო-ს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, პოლონეთის მთავრობამ უარი უთხრა ვიზების გაცემაზე რუსეთის დელეგაციის წევრებს, რომლებიც 24-26 ნოემბერს ვარშავაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიაზე დასწრებას გეგმავდნენ.