პოლონეთის სეიმმა დონალდ ტუსკის მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
პოლონეთის სეიმმა ნდობა გამოუცხადა მინისტრთა საბჭოს შემადგენლობას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს.
მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა 248-მა პოლონელმა დეპუტატმა, წინააღმდეგი 201 დეპუტატი იყო.
ამასთან, სეიმში კენჭისყრის პროცესი ცოტა ხნით გადაიდო მას შემდეგ, რაც ულტრამემარჯვენე რადიკალმა დეპუტატმა ცეცხლმაქრით სეიმში ებრაული დღესასწაულის, ხანუქას სანთლები ჩააქრო.
მედიის ცნობით, მთავრობის წევრები 13 დეკემბერს პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას წინაშე ფიცს დადებენ. შემდეგ კი ახალი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტზე დასაწრებად გაემგზავრება.