პოლონეთის სეიმის და სენატის წევრების სადამკვირვებლო მისიამ საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა
პოლონეთის სეიმის და სენატის წევრების სადამკვირვებლო მისიამ საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის და სენატის წევრების სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში 16 დამკვირვებლით იყვნენ წარმოდგენილი.

პოლონელმა დამკვირვებლებმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ კენჭისყრის მიმდინარეობისას დაფიქსირდა სხვადასხვა ტიპის დარღვევები.

მათ უკმაყოფილება გამოთქვეს სპეციალურ უბნებთან დაკავშირებით, რადგან მათი თქმით, წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად, ისინი ციხეში არ შეუშვეს.

მონიტორების განცხადებით, უბნებზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ზედმეტი აქტიურობა აღინიშნებოდა. ასევე მათი თქმით, აგიტაციასა და უბნებზე ნეგატიურ ატმოსფეროს ჰქონდა ადგილი.როგორც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, პირადად მათ მიმართ გამოხატული იყო აგრესია.

დელეგაცია იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მეორე ტურისთვის მათ მიერ გამოთქმულ შენიშვნებს გაითვალისწინებს.

„არჩევნების შედეგები გვარწმუნებენ, რომ ქართული საზოგადოება აქტიურადაა ჩართული პოლიტიკურ პროცესში და კიდევ უფრო მომწიფდა პოლიტიკურად. იმედი გვაქვს, მეორე ტურამდე დარჩენილი დრო დაადასტურებს, რომ საქართველო კვლავ მყარად ადგას იმ გზას, რომელიც დიდი ხნის წინ დაისახა, ეს არის ევროსტრუქტურებსა და ნატო-ში ინტეგრაცია. მეორე ტურის კამპანია იმედია, დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩაივლის და ყველა ხარვეზი აღმოფხვრილი იქნება“,-აღნიშნავს დამკვირვებელი მალგოჟატა გოშევსკა.

28 ოქტომბრის არჩევნებს 1100 მონიტორი აკვირდებოდა. პოლონურმა დელეგაციამ დამკვირვებლების სიმრავლე პოზიტიურად შეაფასა.