პოლონეთის პრეზიდენტი - ნატო-ს სამიტზე საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერება სერიოზულად უნდა განიხილონ
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჟეი დუდას განცხადებით, ივლისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერება სერიოზულად უნდა განიხილონ.
დუდას თქმით, „ღია კარის“ პოლიტიკა არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო პოლიტიკის ძირითადი ელემენტი. აღნიშნული განცხადება პოლონეთის ლიდერმა, ვარშავაში მიმდინარე ნატო-ს საპარალამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას გააკეთა.
„იმედი მაქვს, ივლისის დაგეგმილ სამიტზე მოკავშირეები საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობის გაძლიერებას სერიოზულად განიხილავენ. „ღია კარის“ პოლიტიკა არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო პოლიტიკის მთავარი ელემენტი, რომელიც იმ ქვეყნებთან თანამშრომლობაზეა გამიზნული, რომლებიც დაინტერესებულები არიან ალიანსის გარშემო უსაფრთხოების და სტაბილურობის ზონის გაფართოებით“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ვარშავაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც დაუჭირა მხარი. მისი თქმით, ალიანსის ღია კარის პოლიტიკა იქნება ერთ-ერთი მთავრი თემა, რომელსაც ივლისში ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე მოკავშირეები განიხილავენ.