პოლონელი მოგზაურ-ბლოგერი რობერტ შულცი - საქართველოში კოვიდუსაფრთხოების ნორმები უმაღლეს დონეზეა დაცული
ცნობილი პოლონელი მოგზაურ-ბლოგერი და ჟურნალისტი რობერტ შულცი საქართველოში ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით ჩამოვიდა. ცნობილი ბლოგერი ამბობს, რომ 2020 წლის განმავლობაში ოთხ კონტინენტზე იმყოფებოდა, რათა საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორ მიმდინარეობს ტურიზმი პანდემიის პირობებში. რობერტ შულცის განცხადებით, საქართველოში კოვიდუსაფრთხოების ნორმები უმაღლეს დონეზეა დაცული.
„საქართველო ძალიან მენატრებოდა და ბედნიერი ვარ თქვენს ქვეყანაში დაბრუნებით, უკვე მეხუთედ ჩამოვედი. მინდა, მთელ მსოფლიოს და პოლონეთს ვაჩვენო საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები და მრავალფეროვანება, რომელსაც ის მოგზაურებს სთავაზობს. 2020 წელს ოთხი კონტინენტი მოვიარე, რათა გამეგო, პანდემიის პირობებში როგორ ხდება მოგზაურობა. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ შემიძლია, გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ კოვიდუსაფრთხოების კუთხით. სასტუმროში ნიღბის ტარებას ითხოვენ, საუზმის დროს რიგში დგომა არ გვიწევს და კერძს უსაფრთხოების მიზნით ცალ-ცალკე გვირიგებენ. ძალიან კმაყოფილი ვარ. ორი დოზით აცრილი ვარ და დაცული ვარ, მაგრამ რაც დავინახე საქართველოში, შემიძლია, გითხრათ, რომ კიდევ უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს“, – ამბობს რობერტ შულცი.
პოლონელი ბლოგერის მიზანია საქართველოს ტურისტული მიმართულებით პოლონელი მოგზაურების დაინტერესება.
„საქართველოში მოგზაურობას ყველას ვურჩევ. აქ პირველ რიგში იმ მიზნით ვარ, რომ აღმოვაჩინო ახალი ადამიანები, ახალი ადგილები, გავუზიარო მათ ემოციები და დავაინტერესო პოლონელები საქართველოში მოგზაურობით“, – აცხადებს რობერტ შულცი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ცნობილი მოგზაური ბლოგერი საქართველოში ერთ კვირას დარჩება და ქვეყნის სხვადასხვა ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეობლოგებს მოამზადებს, რომელსაც პოლონეთის პოპულარული ტელეკომპანიებისა და სოციალურ ქსელ Youtube-ის საშუალებით გაავრცელებს.