ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ცნობილ პოლონელ ბლოგერს მასპინძლობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ცნობილ პოლონელ ბლოგერს მასპინძლობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთის ტურისტულ ბაზარზე აქტიურ კამპანიას იწყებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთიდან ცნობილ მოგზაურ ბლოგერსა და ჟურნალისტს, რობერტ შულცს მასპინძლობს.

პოლონელი ბლოგერი საქართველოს შესახებ ვიდეობლოგებს მოამზადებს, რომელსაც პოლონეთის პოპულარული ტელეკომპანიებისა და Youtube-ის პლატფორმის საშუალებით გაავრცელებს. პრესტურის მიზანი პოლონეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციაა.

პრესტურის ფარგლებში, პოლონელი ბლოგერი ძველ თბილისსა და ქუთაისს დაათვალიერებს, მონაწილეობას მიიღებს ზიპლაინით დაშვებასა და რაფტინგში, დაათვალიერებს იმერეთში სვერის სათავგადასავლო ტურისტულ ბანაკს, პრომეთეს მღვიმეს, ოკაცეს კანიონს, კინჩხას ჩანჩქერს, მოინახულებს ადგილობრივ მარნებს.

შვიდდღიანი ტურის განმავლობაში რობერტ შულცი სამეგრელოში მარტვილის კანიონს, ნოქალაქევს, ენგურჰესს, ხოლო სვანეთში სოფელ ბეჩოს, მესტიასა და უშგულს ეწვევა.

პოლონეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. გლობალურ პანდემიამდე, 2019 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ტოპ-15 ქვეყანას შორის პოლონეთი მე-11 ადგილს იკავებდა. პოლონეთიდან საქართველოში 88 300 საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

„ძალიან მენატრებოდა საქართველო და ბედნიერი ვარ, რომ როგორც იქნა, მოვახერხე ამ პანდემიის შემდეგ საქართველოში ისევ დაბრუნება. პირველ რიგში რაც მინდა ვაჩვენო მთელ მსოფლიოს და ჩემს ქვეყანას, ის არის, რომ საქართველოს აქვს ყველაფერი ყველა მიმართულებით და აი, ეს მრავალფეროვნება მინდა, ვაჩვენო ჩემს მაყურებელს. 2020 წლის განმავლობაში დავიწყე მოგზაურობა და შემოვიარე ოთხი კონტინენტი, ზუსტად რომ მენახა, როგორ ხდება მოგზაურობა პანდემიის პიროებებში. როგორც კი ჩამოვედი საქართველოში, რაც დავინახე პირველი შეხედვით, ვარ ძალიან კმაყოფილი ნიღბების ტარების თვალსაზრისით, უსაფრთხოების თვალსაზრისით. მაგალითად, სასტუმროში ყველა გვაძლევს უფასო ნიღბებს, თუ არ გვაქვს და ყველა ითხოვს, რომ შევისწოროთ და ვატაროთ ნიღაბი. ასევე, მაგალითად, საუზმის დროს უშუალოდ თვითონ მზარეულები გვირიგებენ საჭმელს, არ ხდება რიგში დგომა და ინფექციის გავრცელებისთვის მეტი შესაძლებლობის მიცემა. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ყველაფრით. ასევე, მინდა, აღვნიშნო რომ მე ვარ ორი დოზით აცრილი და თავს ამ მხრივაც უსაფრთხოდ ვგრძნობ, მაგრამ ასევე ის, რაც დავინახე ადგილზე, მაძლევს საშუალებას, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნო საქარველოში მოგზაურობისას. პირველ რიგში მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველო ჩემთვის არის ქვეყანა, რომელმაც ჩემს გულში დიდი ხნის წინ იპოვა ადგილი, ამიტომ რა თქმა უნდა, მე არ შემიძლია, არ ვურჩიო ადამიანებს, რომ აქ ჩამოვიდნენ, მაგრამ მე აქ იმისთვის ვარ, დღეს რომ აღმოვაჩინო, კიდევ ახალი ადამიანები, გავუზიარო მათ ჩემი ემოციები და მივიღოთ მათგან ახალი ემოციები, რადგან მე ვთვლი, რომ მოგზაურობისას ჩვენ ვაფრქვევთ და ვარიგებთ ენერგიას. ეს არის ჩვენი მამოძრავებელი, მაგრამ ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ მინდა, კიდევ აღმოვაჩინო ახალი ადგილები, ახალი სილამაზეები საქართველოში, რათა შევძლო, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესო აქ ჩამოსვლით“, -განაცხადა პოლონელმა ბლოგერმა, რობერტ შულცმა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილის თქმით, დღეს ტურიზმის ეფექტური აღდგენისთვის უმნიშვნელოვანესია სტრატეგიულ ბაზრებზე დროული და სწორი კომუნიკაცია.

„ჩვენ ძალიან კომპლექსურ მარკეტინგულ აქტივობებს ვახორციელებთ მიზნობრივ ბაზრებზე. პოლონეთი ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ბაზარია საქართველოსთვის და ვფიქრობთ, იგივე ბლოგერებისთვის პრესტურების ორგანიზება და ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოზიციონირების გზით, ასე ვთქვათ, პოტენციურ ვიზიტორებში ინტერესის გაღვივება განაპირობებს სამომავლოდ იგივე პოლონეთიდან ტურისტული ნაკადის ზრდას“, – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

დატოვე კომენტარი