პოლონელი ევროპარლამენტარი რიჩარდ ცარნეკი - საქართველოს დასავლეთთან დაახლოების გზაზე ევროპის მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება
პოლონელი ევროპარლამენტარი რიჩარდ ცარნეკი - საქართველოს დასავლეთთან დაახლოების გზაზე ევროპის მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება

საქართველოს დასავლეთთან დაახლოების გზაზე ევროპის მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. ამის შესახებ ნათქვამია პოლონელ ევროპარლამენტარ რიჩარდ ცარნეკის მიერ „პარლამენტმაგაზინში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

როგორც რიჩარდ ცარნეკი წერს, „როცა დასავლური სამყარო ნელ-ნელა იწყებს COVID-19-ის შეზღუდვების მოხსნას, აშკარად გამოიკვეთა, რომ პანდემიამ დააჩქარა გარკვეული გეოპოლიტიკური პრიორიტეტები და წარმოქმნა სერიოზული კითხვები, თუ როგორ მიუდგება ევროპა ამ საკითხებს“.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ „პრეზიდენტმა ტრამპმა მიზანში ამოიღო ჩინეთი და პეკინის მიმართ სიმპათიით განწყობილი ნებისმიერი გლობალური ინსტიტუცია, განსაკუთრებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ხოლო გერმანიის კანცლერმა მერკელმა ჩინეთთან თანამშრომლობის განახლება დაასახელა, როგორც გერმანიის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ევოლუციის ნაწილად“.

„ეს დებატები გრძელდება. კორონავირუსის წარმოშობის პოტენციური საერთაშორისო გამოძიების ფონზე, ევროკომისიამ და ევროკავშირის წამყვანმა მთავრობებმა ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შესახებ სტრატეგიული ფიქრი უნდა დაიწყონ, ჩვენ უნდა დავიწყოთ სამეზობლოდან. პოლონეთმა, ბალტიის ქვეყნებმა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებმა ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისგან დიდი სარგებელი მიიღეს. ეს სახელმწიფოები რომ არ შეერთებოდნენ დასავლეთის ალიანსს, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა მოხდებოდა: შედეგი თამაშდება ყირიმის, დონბასის, აფხაზეთისა და ცხინვალის ქუჩებსა და მინდვრებში. ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ევროპელი ყოველდღე იღვიძებს რუსეთის მხრიდან კიბერ ან ფიზიკური თავდასხმის შიშით“, – წერს ევროპარლამენტარი.

მისივე თქმით, ამ ბორკილის გატეხვის საუკეთესო შანსი საქართველოს აქვს.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც შედგება თავისუფალი დასავლური სამყაროდან არჩეული წევრებისგან, საქართველოს ამბიციებს მტკიცედ უჭერს მხარს. აშშ-ს როგორც „დემოკრატმა“, ისე „რესპუბლიკელმა“ პრეზიდენტებმა, ერთმანეთის მიყოლებით აღიარეს და მხარი დაუჭირეს ქვეყნის მცდელობებს, გაეძლიერებინა პროდასავლური და დემოკრატიული ტრადიციები. დღეს საქართველო არის სამხედრო ძალის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ნატო-ს მისიებში, გლობალურად. საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, თუმცა ძალიან ძველი ისტორიის მქონე: ახალგაზრდა „დემოკრატიები“ არ არის სრულყოფილი; ისინი განსხვავებულად ვითარდებიან და ყველას აქვს გასათვალისწინებელი უნიკალური კულტურული და გეოგრაფიული კონტექსტი“, – წერს ევროდეპუტატი.

მისივე თქმით, საქართველოს ამ გზაზე ევროკავშირის, ევროპის ქვეყნების მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.

„საქართველო ამ გზას თავად გადის, მთავრობას სჭირდება, იმსახურებს მხარდაჭერასა და მეგობრობას ბრიუსელიდან, ვარშავიდან და ევროპის სხვა მნიშვნელოვანი დედაქალაქებიდან, მათ შორის ბერლინის, ლონდონისა და პარიზის ძველი დემოკრატიებიდან. თბილისში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი საარჩევნო რეფორმაა. წინადადება საარჩევნო სისტემის მოდერნიზებასთან დაკავშირებით, 8 მარტს, პარტიათაშორის შეთანხმების საფუძველზე მიიღეს; ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა მოლაპარაკებებში და ეთანხმებოდა საბოლოო კანონს. აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოებმა ხელი შეუწყეს მთელ პროცესს, რომელიც გადაიყვანს საქართველოს ხმის მიცემის სისტემას ისეთ მოდელზე, რომელსაც ევრპარლამენტის არჩევნების დროს იყენებენ. აშშ და ევროკავშირი კვლავ მოუწოდებენ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, რომ გაატარონ რეფორმა – რომელიც 29 ივნისს, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებით მიიღო. ეს ლოკალიზებული პოლიტიკა უფრო მეტად საყურადღებოა ევროპის ლიდერებისთვის, როდესაც საქმე საქართველოსადმი მიდგომას ეხება. მართლაც, როგორ უნდა მივუდგეთ ყველა პროდასავლურ, პროევროპულ მთავრობას ფართო ევროპულ სამეზობლოში. მარტივად რომ ვთქვათ: ჩვენ ჩართული ვართ იდეების რეგიონულ და გლობალურ ბრძოლაში. საფრთხე ემუქრება ერის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, თანამოაზრე ერები კი ერთად უნდა იბრძოდნენ. ევროპისა და ნატო-ს ლიდერებმა უნდა აღიქვან ეს რეალობა და გლობალური კონკურენციის მასშტაბი. რუსეთი განაგრძობს მე-19 საუკუნის არქაულ პოლიტიკას „გავლენის სფეროების“ შესახებ. ეს რელიქვიაა და არ უნდა იქნას მიღებული“, – წერს რიჩარდ ცარნეკი.

მისივე თქმით, საქართველო, ისევე როგორც რეგიონში სხვა დანარჩენი ქვეყნები, არის თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანა და გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს საქართველოს მხარდაჭერა აუცილებელია.

„საქართველო, ბევრისგან განსხვავებით, დემოკრატიული სახელმწიფოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებებს აქვთ სანდოობა და მორალური წონა, რომლის უგულებელყოფა შეუძლებელია. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააფიქსირა თავისი ვალდებულება დასავლეთის ალიანსისადმი. საქართველოს ხალხი მხარს უჭერს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობას, 80% -იანი მაჩვენებლით. როდესაც ვიკვლევთ COVID-ის შემდეგ ახალ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოსთვის მაცდური იქნებოდა, მთლიანი ძალისხმევა ჩინეთისა და აშშ-სკენ მიმემართა, მაგრამ ეს შეცდომა იქნებოდა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მეგობრები ევროპაში: ისინი ჩვენი მომავალი არიან და იმსახურებენ ჩვენს სრულ მხარდაჭერას, განსაკუთრებით ასეთ რთულ დროს“, – წერს ევროპარლამენტარი.