„პოლიტიკო“ - შარლ მიშელი ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევის მომხრე არ არის, იგი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე კირიაკოს მიცოტაკისის კანდიდატურის დაყენებას გეგმავს
„პოლიტიკო“ - შარლ მიშელი ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევის მომხრე არ არის, იგი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე კირიაკოს მიცოტაკისის კანდიდატურის დაყენებას გეგმავს

გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევის მომხრე არ არის. სანაცვლოდ, მიშელი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის კანდიდატურის დაყენებას გეგმავს. „პოლიტიკო“ ამ ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ისინი თვლიან, რომ მიშელის ეს იდეა განწირულია.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, შარლ მიშელი თავისი შემცვლელის დასახელებასაც ცდილობს და ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტად დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფედერიქსენს განიხილავს და არა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს, ანტონიო კოსტას. კოსტას მხარს ურსულა ფონ დერ ლაიენი უჭერს.

შარლ მიშელის ოფისში გავრცელებულ ვერსიებს ყალბ ახალ ამბებად აფასებენ.

„კიდევ ერთხელ, ეს არის ყალბი ამბები და ტყუილი. პრეზიდენტმა გაიარა კონსულტაციები ყველა ლიდერთან ინდივიდუალურად. პრეზიდენტს ამ ეტაპზე კონკრეტული სახელები არ უხსენებია“, – ამბობს შარლ მიშელის პრესსპიკერი ეკატერინა კეისინჯი.