„პოლიტიკო“ - ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი ბრიუსელში ჩავა და ეცდება კოლეგების დარწმუნებას, რომ ევროკავშირმა უარი თქვას ჩინეთიდან ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფების დაწესებაზე
„პოლიტიკო“ - ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი ბრიუსელში ჩავა და ეცდება კოლეგების დარწმუნებას, რომ ევროკავშირმა უარი თქვას ჩინეთიდან ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფების დაწესებაზე

ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი ვან ვენტაო დღეს ბრიუსელში ჩავა. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ვან ვენტაო ბრიუსელში ეცდება, დაარწმუნოს ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი ვალდის დომბროვსკისი, რომ ევროკავშირმა უარი თქვას ჩინეთიდან ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფების დაწესებაზე.

ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი ბრიუსელში ჯერ მანქანათმშენებლობის დარგის წარმომადგენლებს შეხვდება, ვალდის დომბროვსკისთან მოლაპარაკებები კი ხვალ აქვს დაგეგმილი.

ივლისიდან ევროკავშირმა ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე დაახლოებით 35%-იანი დროებითი ტარიფი დააწესა. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ ელექტრომობილების წარმოების სუბსიდირება კონკურენციის არათანაბარ პირობებს ქმნის და საფრთხეს უქმნის ევროკავშირის მწარმოებლებს.

სექტემბრის ბოლოს ევროკავშირმა ტარიფების ხუთი წლის ვადით დაწესებას საბოლოოდ უნდა უყაროს კენჭი.

ბრიუსელში ვიზიტამდე ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი რომსა და ბერლინში იმყოფებოდა. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ტარიფების დაწესებას ეწინააღმდეგება. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ საჭიროა სავაჭრო კონფლიქტის თავიდან აცილება.

„ევროკომისიამ და ჩინეთმა უნდა მიმართონ ყველანაირ ძალისხმევას, რათა მოლაპარაკებების გზით იპოვონ გამოსავალი. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონკურენციას, თუმცა ის უნდა იყოს სამართლიანი“, – განაცხადა რობერტ ჰაბეკმა ჩინეთის ვაჭრობის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.