„პოლიტიკო“ - ბაიდენის ადმინისტრაცია ფარულად ცვლის თავის სტრატეგიას, უკრაინასთან სიღრმისეულ თავდაცვაზე გადასვლის საკითხს განიხილავს
მას შემდეგ, რაც უკრაინისთვის აშშ-ისა და ევროპის დახმარებას სერიოზული საფრთხე დაემუქრა, ბაიდენის ადმინისტრაციას და ევროპელ ოფიციალურ პირებს რუსეთზე ტოტალური გამარჯვების შესახებ უკრაინის მიზნის მხარდაჭერიდან ფარულად ყურადღება გადააქვთ ომის დასრულების თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებებისთვის უკრაინის პოზიციების გაუმჯობესებაზე.
აღნიშნულის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებსა და ვაშინგტონში მცხოვრებ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს.
როგორც „პოლიტიკო“ იუწყება, ასეთი მოლაპარაკებები სავარაუდოდ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის დათმობას ნიშნავს.
გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი და პენტაგონი საჯაროდ ამტკიცებენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოფიციალური ცვლილება არ არის და კვლავ უჭერენ მხარს უკრაინის მიზანს, აიძულონ რუსი სამხედროები, ქვეყანა მთლიანად დატოვონ, მაგრამ თავად უკრაინელებთან ერთად, ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები ახლა განიხილავენ უკრაინული ძალების გადაჯგუფებას უმეტესად წარუმატებელი კონტრშეტევიდან რუსული ძალების წინააღმდეგ უფრო ძლიერ თავდაცვით პოზიციაზე.
„ერთადერთი გზა, რომლითაც ეს ომი საბოლოოდ დასრულდება, არის მოლაპარაკება“, – აღნიშნა თეთრი სახლის ანონიმურმა წყარომ „პოლიტიკოსთან“ საუბრისას.
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები ჯერ დაგეგმილი არ არის და უკრაინული ძალები კვლავ შეტევას განაგრძობენ.
„სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ დისკუსიები იწყება, მაგრამ ბაიდენისთვის პოლიტიკური რისკის გამო, თეთრ სახლს არ შეუძლია, თავისი პოზიციებიდან საჯაროდ უკან დაიხიოს“, – განუცხადა გამოცემას კონგრესის წარმომადგენელმა.
დეკემბრის დასაწყისში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ამზადებს ახალ წინადადებებს ომის დასასრულებლად, თუმცა მან აღნიშნა, რომ ის არ შეცვლის თავის მოთხოვნას უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის სრულად გაყვანის შესახებ.