პოლიციის ინფორმაციით, ნიუ ჯერსის ფესტივალზე თავდასხმა მინიმუმ ორმა ბოროტმოქმედმა განახორციელა
ნიუ ჯერსის ფესტივალზე თავდასხმა მინიმუმ ორმა ბოროტმოქმედმა განახორციელა, – ამის შესახებ ქალაქ ტრენტონის პოლიციამ განაცხადა.
პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილის, 33 წლის მამაკაცის ადგილზე ლიკვიდაცია მოახდინა. მეორე თავდამსხმელი კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.
ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ტრენტონში ხელოვნების ფესტივალზე უცნობმა მამაკაცებმა ცეცხლი ადგილობრივი დროით 03:00 საათზე გახსნეს. შედეგად, მინიმუმ 22 ადამიანი დაიჭრა. დაშავებულებს შორის არის 13 წლის მოზარდიც. არასრულწლოვანი და მასთან ერთად სამი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. თავდასხმის დროს ფესტივალზე 1000 სტუმარი იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს. ამასთან, ფესტივალის პავილიონთან ახლოს მანქანის გატაცების მცდელობა დაფიქსირდა, თუმცა უცნობია, არის თუ არა აღნიშნული დანაშაული თავდასხმასთან კავშირში. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.