პოლიციამ თბილისსა და ბაღდათში ორი უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
პოლიციამ თბილისსა და ბაღდათში ორი უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული შ.ჩ. და 1983 წელს დაბადებული გ. ხ. ბაღდათსა და თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედებათ.

„დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა ბაღდათში, ბრალდებული შ.ჩ.-ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის კონსტრუქციის „აკს-47“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი თბილისში, გ.ხ.-ის პირადი ჩხრეკისას, ბროხარდტ-ლუგერის სისტემის „პარაბელუმის” მოდელის პისტოლეტი, ერთი მჭიდი და შვიდი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.