ბათუმის საქალაქო სასამართლომ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა პირს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე წარუდგინა საგამოძიებო უწყებამ ბრალი.

„პროკურატურამ ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ გ.ბ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა „მაკაროვის“ სისტემისა და „ბერეტა ბრევ.950“ მოდელის პისტოლეტებს, ასევე 17 ცალ საბრძოლო ვაზნას. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა 25 იანვარს, ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე გადაუდებელი აუცილებლობის დროს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ბრალდებულის კუთვნილი ავტომანქანიდან ამოიღეს.

სამართალდამცველებმა გ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.