თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ექვსი პირი დააკავეს
თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ექვსი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს – დაკავებულია ექვსი პირი.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება ედებათ ბრალად. დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ორი პირი: 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ვ. და 1993 წელს დაბადებული ჯ.დ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამავე დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით არის დაკავებული 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.კ. პოლიციამ, ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ხუთი ვაზნა.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული ს.ი. ახალქალაქში დააკავეს. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ს.ი.-ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 186 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

1980 წელს დაბადებული ჯ.ვ. კი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. სამართალდამცველებმა სიღნაღში, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

რაც შეეხება, 1989 წელს დაბადებულ კ.ხ.-ს, იგი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში დააკავეს. მას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება ედება ბრალად. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა რევოლვერი და 22 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.