პოეტ ბესიკ ხარანაულსა და კიდევ რამდენიმე ოჯახს „მთის შვილის“ სტატუსი მიენიჭათ
პოეტ ბესიკ ხარანაულსა და კიდევ რამდენიმე ოჯახს „მთის შვილის“ სტატუსი მიენიჭათ

მთის პოპულარიზაციის მიზნით, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო უკვე მეორე წელია, ოფიციალურად აღნიშნავს მთის საერთაშორისო დღეს – 11 დეკემბერს.

წელს მთის საერთაშორისო დღე მაღალმთის მცხოვრებლებს, ასევე, ქვეყნის ეკონომიკაში, გარემოს დაცვასა და კულტურაში მათ მიერ შეტანილ წვლილს მიეძღვნა.

„დღევანდელი ღონისძიებით კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ მთაში მცხოვრები ადამიანების უდიდეს ღვაწლს ჩვენი ქვეყნის კულტურისა და უნიკალური ბუნების შენარჩუნებაში. საქართველოს დასახლებების თითქმის ნახევარი მთიან რეგიონებშია, თუმცა მაღალმთაში მოსახლეობის მხოლოდ 9 პროცენტი ცხოვრობს. მთის ყველა მცხოვრებლისთვის მდგრადი და საიმედო მომავლის უზრუნველსაყოფად უცილებელია სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და განათლების, დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება“ – აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თბილისში გამართულ ღონისძიებაზე.

მთის საერთაშორისო დღის ფარგლებში ჯილდო „მთის შვილი“ ცხრა ოჯახს გადაეცა, რომლებიც მაღალმთიან დასახლებებს მთელი წლის მანძილზე არ ტოვებენ და მთის დაცარიელებას საკუთარი მაგალითით ებრძვიან.

ჯილდოები, ასევე, გადაეცათ ცნობილ ქართველ პოეტს, ბესიკ ხარანაულს და ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილს, რომელთა შემოქმედებას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მთის პოპულარიზაციის საქმეში.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაჯილდოვებას დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის [UNDP] მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა ვინტონმა ჯილდო რაჭის შორეულ სოფელში მცხოვრებ გაბეჯიშვილების ოჯახს გადასცა.

„საქართველოს მთა ქვეყნის არსია, მაგრამ მთის მიმართ არა მხოლოდ რომანტიული, არამედ რეალობასთან შეჯერებული მიდგომა მნიშვნელოვანია. მთის მაცხოვრებლები მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე დგანან, რომელთა შორისაა სიღარიბე და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მეტეოროლოგიური მოვლენები. მივესალმებით მთის პრობლემების გარშემო ჩამოყალიბებულ ეროვნულ და საერთაშორისო თანამშრომლობას, რომელიც მთის შენარჩუნებას, განვითარებას ემსახურება“,- აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.

2016 წელს საქართველომ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი მიიღო, რამაც, როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას ჩაუყარა საფუძველი. 2019 წელს, გაერო-ს განვითარების პროგრამისა [UNDP] და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი დასახელებების განვითარების შესახებ პირველი ოთხწლიანი სტრატეგია დაამტკიცა.

მაღალმთაში ეკონომიკური განვითარების, სოციალური პირობებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად სტრატეგიის ფარგლებში 700 მილიონი ლარია გამოყოფილი, ხოლო მისი განხორციელების შედეგებით 300 ათასზე მეტი ადამიანი ისარგებლებს.

ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლიდან დღემდე მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1,730 დასახლებას მიენიჭა და მთიან რეგიონებში ადგილობრივი წარმოების, განახლებადი ენერგიის, ნარჩენების მართვისა და ეკოტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტები განხორციელდა, მათ შორის, გაერო-ს განვითარების პროგრამისა [UNDP] და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ გაერო-ს განვითარების პროგრამა [UNDP], ევროკავშირი [EU] და ავსტრიის, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობები.