პიტერ სტანო - მოსკოვი საერთაშორისო საზოგადოების თვალში არასანდო ეკონომიკური პარტნიორის იმიჯს ამყარებს, ეს კიდევ ერთი სიგნალია მსოფლიოსთვის, რომ ბიზნესის საწარმოებლად რუსეთი შესაფერისი ადგილი არ არის
ევროკავშირში აცხადებენ, რომ რუსეთში უცხოურ ბიზნესს არაფერი ესაქმება. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.
სტანო გამოეხმაურა რუსეთის გადაწყვეტილებას, გააუქმოს ორმაგი დაბეგვრის აცილების შესახებ შეთანხმება იმ სახელმწიფოებთან, რომლებსაც მოსკოვი „არამეგობრულ ქვეყნებად“ მიიჩნევს.
„ეს აჩვენებს, რამდენად არასანდო, არაპროგნოზირებადი და გაუმჭვირვალეა დღეს რუსეთი, როგორც პოტენციური ეკონომიკური პარტნიორი. რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რაც თავში მოუვა, რათა მიაღწიოს მიმდინარე პოლიტიკურ ამოცანებს, რაც არ უნდა იყოს ეს ამოცანები. ამგვარად, მოსკოვი საერთაშორისო საზოგადოების თვალში არასანდო ეკონომიკური და საქმიანი პარტნიორის იმიჯს ამყარებს. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი მსოფლიოსთვის – თუ ნამდვილად გსურთ ასეთი ბიზნესის წარმოება, რუსეთი ამისთვის შესაფერისი ადგილი არ არის“, – განაცხადა პიტერ სტანომ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 8 აგვისტოს 38 სახელმწიფოსთან, მათ შორის გერმანიასთან და ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან ორმაგი დაბეგვრის აცილების შეთანხმებები გააუქმა.