პიტერ სიიარტო - უნგრეთი ვიყავით და ვრჩებით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრედ და ვითხოვთ, ევროკავშირმა გამოასწოროს შეცდომა
პიტერ სიიარტო - უნგრეთი ვიყავით და ვრჩებით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრედ და ვითხოვთ, ევროკავშირმა გამოასწოროს შეცდომა

ჩვენ არ შეგვიცვლია პოზიცია. ვითხოვდით ოთხივე სახელმწიფოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილებას 27-ვე ქვეყნის თანხმობა სჭირდება, სტატუსი მიენიჭა მხოლოდ იმ ორ ქვეყანას, რომელზეც ყველას თანხმობა არსებობდა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომელმაც საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას: „რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა ორბანმა ევროკავშირს მოსთხოვა კანდიდატის სტატუსის მინიჭება, როგორც უკრაინისა და მოლდოვისთის, ასევე საქართელოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინისთვის. თუმცა, თუ ვიმსჯელებთ გადაწყვეტილების მიღების ფორმით, რომელიც კონსენსუსურ გადაწყვეტილებას გულისხმობს, რატომ შეიცვალა მან აზრი“.

პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთი იყო და რჩება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების მომხრედ და ითხოვენ, რომ ევროკავშირმა გამოასწოროს საკუთარი შეცდომა.

„იგივე ეხება ბოსნია-ჰერცოგოვინას. ის ჩვენგან 70 კილომეტრში მდებარეობს და ჩვენ კარგად ვიცნობთ იქ ვითარებას. ბოსნია-ჰერცოგოვინაში შიდაპოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ მოწყვლადი, რთული და არასტაბილურია. ჩვენ ვესაუბრებით იქ ლიდერებს და რეალურად ერთადერთი, რაზეც სხვადასხვა ჯგუფი თანხმდება – ევროინტეგრაციაა. ასე რომ, იქ საკმაოდ მაღალი იყო მოლოდინი იმისა, რომ მიიღებდნენ კადნიდატის სტატუსს, თუმცა ევროკავშირმა მათაც უარი უთხრა. მე აქ გავიმეორებდი თქვენ კითხვას, რომელიც საუბრის დასაწყისში დამისვით, რა არის ლოგიკა ამ გადაწყვეტილების უკან – არავინ იცის, რადგანაც არ არსებობს ლოგიკა. ევროკავშირს რომ ჰქონოდა სტრატეგიული ხედვა და გეოპოლიტიკური მისწრაფება, მაშინ ორივე ქვეყანას, თქვენც და ბოსნია-ჰერცოგოვინასაც უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

პიტერ სიიარტო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ იქედან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილება კონსენსუსზე დაფუძნებით მიიღება, მხოლოდ ორ ქვეყანასთან დაკავშირებით იყო ყველა – 27 ქვეყნის თანხმობა.

„ჩვენ ვიყავით მათ შორის, ვინც თქვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას ითხოვდა, თუმცა ამ საკითხზე არ შედგა კონსენსუსი. ვფიქრობ, თვალთმაქცობაა, როცა ის ლიდერები, რომლებმაც გუშინ არ დაგიჭირეს მხარი, როდესაც აქ ჩამოდიან, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ პოზიტიურად საუბრობენ და არ ახსენებენ პრობლემებს, თუმცა დახურულ კარს მიღმა საკმაოდ მამაცები ხდებიან.

ზუსტად იგივე მდგომარეობაა დასავლეთ ბალკანეთში. დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები საკმაოდ იმედგაცრუებული არიან და ამის საფუძველი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგროსთან გახსნილია მოლაპარაკებების უამრავი საკითხი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არც ერთი პუნქტი არ დახურულა. სერბეთს მუდმივად აკრიტიკებენ, რომ ის ვერ ჯდება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ჩარჩოში, ჩრდილოეთ მაკედონიამ სახელი შეიცვალა იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს, მაგრამ სწორედ ეს გაწევრიანების მოლაპარაკეკები ჯერ არ დაწყებულა ბულგარეთის წინააღმდეგობის გამო. ალბანეთი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად, ერთ ჯგუფში განიხილება და ამიტომ მისი გაწევრიანების მოლაპარაკებებიც არ მიმდინარეობს. ბოსნია-ჰერცოგოვინამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ხოლო კოსოვოს ჯერ უვიზო მიმოსვლაც არ აქვს. ასე რომ, ისინი საკმაოდ საფუძვლიანად არიან იმედგაცრუებული. ვშიშობ, რომ ამ არალოგიკური გადაწყვეტილებების გამო, ევროკავშირი დაკარგავს ძალას და ხელიდან გაუშვებს შესაძლებლობას“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ „თავისუფალ ხედვაში“.