პიტერ სიიარტო - ევროკავშირის კონკურენტუნარიანობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად შემცირდა, ამიტომ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის ევროკავშირის ფუნდამენტურ ეკონომიკურ ინტერესებში
პიტერ სიიარტო - ევროკავშირის კონკურენტუნარიანობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად შემცირდა, ამიტომ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის ევროკავშირის ფუნდამენტურ ეკონომიკურ ინტერესებში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავარწმუნე, რომ უნგრეთის პრეზიდენტობის განმავლობაში ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა უზრუნველყოთ საქართველოს ინტეგრაციის პროცესის წინსვლა, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უნგრეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტის ფარგლებში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის კონკურენტუნარიანობა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საგრძნობლად შემცირდა და სწორედ ამიტომ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის ევროკავშირის ფუნდამენტურ ეკონომიკურ ინტერესებში.

„ამ ვიზიტმა და განხილვამ, რომელიც ახლახან დავასრულეთ, შესაძლებლობა მომცა, დამერწმუნებინა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ უნგრეთი დარჩება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფების მხარდამჭერად. მე ასევე დავარწმუნე მინისტრი, რომ უნგრეთის პრეზიდენტობის განმავლობაში ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა უზრუნველყოთ საქართველოს ინტეგრაციის პროცესის წინსვლა.

საქართველოში ბოლო წლებში სიტუაცია ძალიან კარგია, მათ მიაღწიეს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას და ეკონომიკურ განვითარებას ქვეყანაში. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი სწრაფი განვითარების ქვეყნებს შეუძლიათ, სერიოზული იმპულსი მისცენ ევროკავშირს. ევროკავშირს, რომლის კონკურენტუნარიანობაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საგრძნობლად შემცირდა და სწორედ ამიტომ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის ევროკავშირის ფუნდამენტურ ეკონომიკურ ინტერესებში, რადგან, შესაძლებელია, პოზიტიური გავლენა ჰქონდეს ევროკავშირის ეკონომიკაზე“, – განაცხადა სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს და უნგრეთს შორის ეკონომიკურ კავშირზეც ისაუბრა.

„ჩვენ კარგად ვიცით, უნგრეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა ორნახევარჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ამ პოზიციაზე ვართ. Wizz Air-ი არის ბაზრის ლიდერი საქართველოში საჰაერო ტრანსპორტით, მათ აქვთ ოცი მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან. უნგრული კომპანიები მონაწილეობას იღებენ ტენდერებში წყლის მართვისა და გზების მშენებლობაზე და ამ უნგრული კომპანიების ფუნქციონირებაზე, მათი საოპერაციო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ წინ გადავდგით უდიდესი ნაბიჯი, როდესაც ახლახან ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას ინვესტიციების ორმხრივი დაცვის შესახებ, რომელსაც რეალურად წლების განმავლობაში განვიხილავდით და ახლა საბოლოოდ მოვაწერეთ ხელი. ყოველწლიურად ჩვენ 80 სტიპენდიანტ სტუდენტს ვხვდებით საქართველოდან, 280 აპლიკანტზე მეტი იყო ბოლო პერიოდში. მე ასევე ვთვლი, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი თარჯიმნის მომზადება, იმისთვის, რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც ილია ჩამოვა ჩვენთან მან შეძლოს ქართულად მიმართვა და ვინმემ შეძლოს ამის თარგმნა. მეტიც, საქართველოც ყველაფერს აკეთებს ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციისა და უსაფრთხოების და ასევე მწვანე ენერგიის გაზრდის მიზნით და არის, და შეიძლება იყოს, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. ამიტომ აღვნიშნეთ, რომ ჩვენ გადავდგით უდიდესი ნაბიჯები საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და რუმინეთთან მიმართებაში აზერბაიჯანისა და საქართველოს უზარმაზარი ენერგეტიკული რესურსების იმპორტის კუთხით. ჩვენ მწვანე ენერგიის უდიდეს იმპორტს განვახორციელებთ ევროპაში, რისთვისაც მსოფლიოში ყველაზე გრძელ, 1 200 კილომეტრის წყალქვეშა ელექტროგადამცემ ხაზს ავაშენებთ. ახლა მზადდება ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება და შეიქმნება ოთხი ქვეყნის ერთობლივი საწარმო და ყველაფერი მზად არის კავკასია-ცენტრალური ევროპის ენერგეტიკული წარმატების მისაღწევად“, – განაცხადა სიიარტომ.

მისივე თქმით, ბრიუსელმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა დარწმუნდეს, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი რაც შეიძლება მალე. სიიარტოს განცხადებით, საქართველოს ჰყავს პატრიოტი მთავრობა, რომელიც საკუთარი ერის ინტერესებს იცავს.

„ევროკავშირი უნდა იყოს აბსოლუტურად ბედნიერი, რომ საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ბრიუსელმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა დარწმუნდეს, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი რაც შეიძლება მალე, მაგრამ რა ხდება ამისგან განსხვავებით?
ამისგან განსხვავებით, რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ ლიბერალურ მეინსტრიმებს ევროპაში, ომის მომხრე პოლიტიკოსებს და ბრიუსელის ბიუროკრატებს სურთ, შეუძლებელი გახადონ საქართველოს წარმატებით ინტეგრაცია ევროპაში. მსგავს დროს ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, თუ რატომაა ასე? და პასუხი არის ის, რომ საქართველოს ჰყავს პატრიოტი მთავრობა, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც საკუთარი ერის ინტერესებს იცავს. საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც სურს წინააღმდეგობის გაწევა და ასევე წინააღმდეგობა გაუწიოს უცხოურ გავლენას და ამას საკმაოდ კარგად აკეთებს. მათ ასევე მიიღეს კანონი, რომელიც იცავს ამას. მათ ჰყავთ მთავრობა, რომელიც იცავს ოჯახებს, იცავს ტრადიციული ოჯახის მოდელს და მათ მიიღეს კანონი ამის შესახებ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.