პირველყოფილ კრისტალებში დედამიწის პირველი წვიმების კვალს მიაგნეს — #1tvმეცნიერება
ახალი კვლევის მიხედვით, დედამიწის ზედაპირი მტკნარი წყლით პირველად დაახლოებით ოთხი მილიარდი წლის წინ დაიფარა, იმაზე 500 მილიონი წლით უფრო ადრე, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
ავსტრალიელ და ჩინელ მკვლევართა ჯგუფმა უძველეს მინერალებში ჩაჭედილი ჟანგბადის იზოტოპები გამოიყენა, რათა განესაზღვრა, როფის გაჩნდა მტკნარი წყლის პირველი ნიშნები ახლად დაბადებული პლანეტის ზედაპირზე.
დასავლეთ ავსტრალიაში, ჯეკ-ჰილსის ქედი დედამიწის ქერქის უძველეს, დღემდე მოღწეულ მასალას ინახავს. მთელი 4,4 მილიარდი წლის განმავლობაში, პირველყოფილი მასალები მასში შედარებით ხელუხლებელია სიცხისა და წნევის მიერ.
დღეისათვის, ამ მშრალ, წითელ, მტვრიან ლანდშაფტზე მწირი ნალექი მოდის, მაგრამ სწორედ იქაურ ქანებში, ჰადეური ეპოქის ცირკონის კრისტალებში ჩაჭედილს მიაგნეს მეცნიერებმა დედამიწის უძველეს წვიმებს. ეს უდიდესი ცვლილებაა პლანეტის ჰიდროლოგიური ისტორიის შესახებ ჩვენს წარმოდგენაში.
„მინერალ ცირკონის ციცქნა კრისტალებში არსებულ ჟანგბადის იზოტოპთა შესწავლით და ასაკის დადგენით, აღმოვაჩინეთ უჩვეულოდ მსუბუქ იზოტოპთა ხელწერა, რომელიც ოთხი მილიარდი წლის წინანდელია“, — ამბობს კვლევის ავტორი ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის გეოლოგი ჰამიდ გამალალდაინი.
გამალალდაინმა და მისმა კოლეგებმა ცირკონის კრისტალები მეორეული იონური მას-სპექტრომეტრით შეისწავლეს და დაადგინეს, ჟანგბადის რომელი იზოტოპები იყო წარმოდგენილი იმ მაგმაში, რომლისგანაც კრისტალები ჩამოყალიბდა.
ჯეკ-ჰილსის ცირკონს იზოტოპურად უკიდურესად მსუბუქი შემადგენლობა ჰქონდა, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ისინი მანტიის ქვეშ წარმოიქმნა და ამავე დროს მოხვდა მტკნარი წყალი — განსაკუთრებით, მეტეორული წყალი, ისეთი, რომელიც ციდან ახალი ჩამოვარდნილია. ვინაიდან ისინი ამ კრისტალებშია ჩაჭედილი, შეიძლება დედამიწის პირველი წვიმების მტკიცებულება იყოს, რომლებიც ადვილად აღწევდნენ დედამიწის ახლად გამყარებული, თხელ ქერქში.
„ჟანგბადის ასე მსუბუქი იზოტოპები ძირითადად მიიღება მაშინ, როცა ცხელი, მტკნარი წყალი ცვლის დედამიწის ზედაპირიდან რამდენიმე კმ სიღრმეში არსებულ ქანებს. ასეთ სიღრმეში მტკნარი წყლის არსებობის მტკიცებულება ეჭვქვეშ აყენებს არსებულ თეორიას, რომლის მიხედვითაც, ოთხი მილიარდი წლის წინ, დედამიწა მთლიანად ოკეანით იყო დაფარული“, — ამბობს გამალალდაინი.
კვლევის თანაავტორი, კურტინის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი ჰუგო ოლიერუკი ამბობს, რომ ასეთ შედეგებს მეცნიერების მრავალ დარგზე ექნება გავლენა.
„ეს აღმოჩენა ნათელს ჰფენს არა მხოლოდ დედამიწის ადრეულ ისტორიას, არამედ ასევე მიუთითებს ხმელეთმა და მტკნარმა წყალმა სიცოცხლის აღმოცენების საფუძველი შედარებით მოკლე დროში შექმნა — პლანეტის წარმოქმნიდან 600 მილიონზე ნაკლებ წელიწადში.
აქამდე მიიჩნეოდა, რომ მაშინ ქერქი ოკეანის ქვეშ იყო ჩაძირული; სახმელეთო სიცოცხლის ფორმების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ეგზემპლარები 3,48 მილიარდი წლის წინანდელი მიკრობული რიფებია, სახელად სტრომატოლიტები. ისინი ჯეკ-ჰილსიდან 800 კილომეტრში, პილბარა-კრატონშია აღმოჩენილი.
თუმცა, ეს ახალი კვლევა მიუთითებს, რომ მშრალი მიწა, მტკნარი წყლის რეზერვუარები, წყლის ციკლი და შესაძლოა სიცოცხლეც კი, იმაზე ადრე გაჩნდა დედამიწაზე, ვიდრე აქამდე გვეგონა.
აღმოჩენა ასევე აძლიერებს „ცივი ადრეული დედამიწის“ თეორიას, რომელიც 2014 წელს აღწერა პუბლიკაციაში ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერმა ჯონ ვალეიმ.
ამ თეორიის მიხედვით, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, რაც პლანეტის გამდნარი ქანების მასა ქერქად გამყარდა, დედამიწა საკმარისად გაცივდა, რათა იქ შესაძლებელი ყოფილიყო თხევადი წყალი, ოკეანეები და ჰიდროსფერო.
„ეს აღმოჩენა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს ჩვენს წარმოდგენაში დედამიწის ადრეული ისტორიის შესახებ; გზას გვიხსნის სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მეტი კვლევებისკენ“, — ამბობს ოლიერუკი.
კვლევა Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.