პირველკლასელებისთვის წერა-კითხვის შესწავლა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენითაც“ იქნება შესაძლებელი
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში პირველკლასელებისთვის წერა-კითხვის შესწავლა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენითაც“ იქნება შესაძლებელი.
იაკობ გოგებაშვილის „დედა ენით“ ბოლო წლების განმავლობაში სკოლებში აღარ ისწავლებოდა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი, მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კომისია შეიქმნა. კომისია 15 წევრისგან შედგებოდა, მათ შორის იყვნენ ენათმეცნიერები, განათლების მკვლევრები, ფსიქოლოგები, ასევე „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების“ თავმჯდომარე. კომისიის რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელომ განახლებული სახე მიიღო. სამინისტროს ბრძანებით, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაიბეჭდა და უკვე სკოლებშია.
იაკობ გოგებაშვილის „დედაენასთან“ ერთად, სკოლებში კიდევ სამი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოა. სკოლა თავად წყვეტს, რომელ სახელმძღვანელოს გამოიყენებს მოსწავლეებისთვის წერა-კითხვის შესასწავლად. ამასთან, შესაძლებელია, სკოლამ რომელიმე გრიფმინიჭებული წიგნი სწავლების პროცესში ძირითად სახელმძღვანელოდ აიღოს, ხოლო გოგებაშვილის „დედა ენა“ დამატებითი სასწავლო რესურსის სახით გამოიყენოს.
ახალი სასწავლო წელი სკოლებში დღეს იწყება. თუმცა, თბილისისა და რეგიონების მასშტაბით სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 სკოლაში სწავლის დაწყების თარიღი რიგ შემთხვევაში ერთი, ზოგ შემთხვევაში კი ორი კვირით გადავადდა.