პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სკოლებში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ 
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სკოლებში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ამილახვარმა დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა იმ საკითხებისა და რეფორმების შესახებ, რომელსაც კომიტეტი განიხილავს.

როგორც გიორგი ამილახვარმა განაცხადა, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმად, ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სკოლებში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ.

მისივე თქმით, განათლების კომიტეტი იწყებს სასკოლო სახელმძღვანელოთა გრიფირების პრაქტიკასა და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესწავლას.

„მსურს, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია რამდენიმე საკითხისა და რეფორმის თაობაზე, რომელსაც დღეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი განიხილავს. ასევე, მნიშვნელოვანი სიახლის თაობაზე პირის სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებით, რომელსაც ჩემს კოლეგებთან ერთად, დღეს დაჩქარებული წესით დავაინიცირებთ.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი იწყებს ორ თემატურ მოკვლევას მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე. ერთი – „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასებას“ და მეორე – „ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შეფასებას“ ; პირველი მოკვლევის ფარგლებში, შევისწავლით სასკოლო სახელმძღვანელოთა გრიფირების პრაქტიკას და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას; ხოლო მეორე მოკვლევის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზე და სკოლის შემდგომი განათლების მიღებაზე;

მოკვლევების შედეგად გამოვლენილ საკითხებზე კომიტეტი შეიმუშავებს შესასრულებელ რეკომენდაციებს, რომელსაც წარვუდგენთ საზოგადოებას. დღეს ასევე ვიწყებთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას, რომელიც შეეხება საბაკალავრო პროგრამებში ე.წ. მასწავლებლების მომზადების მაინორ-პროგრამების დანერგვას. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს, რომ საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტი შეძლებს სწავლის განმავლობაში აირჩიოს და გაიაროს მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სწავლის დამთავრების შემდეგ, პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად, ასევე მოიპოვოს მასწავლებლად მუშაობის უფლება; შესაბამისად, შესაძლებელი გახდება მასწავლებლის მომზადება და პროფესიაში შესვლა უფრო მცირე დროში, და კურსდამთავრებულებს გაეზრდებათ მოტივაცია დასაქმების კუთხით. ასევე, აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების მომზადებას ე.წ. სტემ-საგნებში, სადაც დღეს გვაქვს გამოწვევები.

დაბოლოს, საზოგადოების, მშობლების ძალიან დიდი მომართვიანობის საფუძველზე, რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავწიოთ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი და განვსაზღვროთ 6 წელი, რომელიც პირს შეუსრულდა პირველ ოქტომბრამდე, რაც გულისხმობს, რა წესიც ახლა მოქმედებს, ნაცვლად 15 სექტემბრისა, ყველა ბავშვს, ვინც დაბადებულია პირველ ოქტომბრამდე, შესაძლებლობა ეძლევათ, წელსვე მივიდნენ სკოლებში; აღნიშნული ცვლილებით შესაძლებლობა ექნება უკვე წელსვე 2 500 პირმა მიმართოს სკოლას;

ვინაიდან პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის ვადა ახლოვდება, კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რათა მყისიერად შეძლოს სარგებლობა ყველამ, ვინც ამ პერიოდამდე არის დაბადებული. აღნიშნულის პარალელურად, ჩვენ შევიმუშავეთ და ჩამოვაყალიბეთ სისტემური ხედვა საზოგადოებისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც შეეხება სკოლაში ბავშვების შეყვანის ასაკს. კარგად მოგეხსენებათ, ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა და არსებული სკოლების რეაბილიტაცია, რაც გვაძლევს საშუალებას, დამატებითი ადგილები შევქმნათ ჩვენი შვილებისთვის სკოლებში. ამიტომ ჩვენი მიდგომა პირის სკოლაში შესვლის ასაკის გადახედვასთან დაკავშირებით, აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც შესაბამისი წესით, ახალი სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.