პირველი თებერვლიდან ამოქმედდება ცვლილება, რომლის მიხედვით, ოჯახის ექიმები მათთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტების ბინაზე მართვას უზრუნველყოფენ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალიდან, პირველი თებერვლიდან ამოქმედდება ცვლილება, რომლის მიხედვით, ოჯახის ექიმები მათთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტების ბინაზე მართვას უზრუნველყოფენ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ონლაინკლინიკების რიცხვი, ასევე, ცენტრალურ ონლაინკლინიკაში ექიმთა რაოდენობა, აღნიშნა, რომ უკეთესი იქნება, პაციენტი თავის ოჯახის ექიმს უკავშირდებოდეს.
„ბინაზე ძალიან ბევრი პაციენტი იმყოფება. ბოლო პერიოდში გავზარდეთ ონლაინკლინიკების რაოდენობა, ასევე, ცენტრალურ ონლაინკლინიკაში ექიმების რაოდენობაც, თუმცა ცალსახად გეთანხმებით, რომ უკეთესი იქნება, პაციენტი უკავშირდებოდეს თავისსავე ოჯახის ექიმს. უკვე ხვალიდან, პირველი თებერვლიდან ამოქმედდება ის ცვლილება, რომელიც დაიგეგმა დეკემბრის ბოლოს – ყველას შეუძლია პრიორიტეტულად და უპირატესად დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს, ანუ მისი მიმაგრება მართვისთვის მოხდება თავისივე ოჯახის ექიმთან. ეს ქსელი უკვე სრულად გაიშალა, ყველა ოჯახის ექიმმა გაიარა ტრენინგი დეკემბრის განმავლობაში, ყველა მზად არის, თავისივე პაციენტები მართოს. რიგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კვლავაც საჭირო იქნება პაციენტების გადამისამართება ჰოსპიტალში და ამ შემთხვევაში, ოჯახის ექიმი გადააბარებს პაციენტს კლინიკას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.