პირველი ნოემბრიდან ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის რეგულაციები მკაცრდება
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის რეგულაციები მკაცრდება. ახალი რეგულაციის თანახმად, თუ ობიექტზე (მათ შორის საცხოვრებელ ადგილას) არსებული გაზდანადგარის ექსპლუატაცია დაუშვებელია და მომხმარებელი უარს აცხადებს გაზდანადგარის დაუყოვნებლივ დემონტაჟზე ან/და აშკარაა ამ ხელსაწყოთი თვითნებური სარგებლობა, ასეთ შემთხვევაში გაზგამანაწილებელი კომპანიის თანამშრომელი ვალდებული იქნება, პოლიციას აცნობოს სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი გარემოების შესახებ.
როგორც საქართველოს პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროში განუმარტეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი ასევე ითვალისწინებს ფულად ჯარიმებს, თუმცა ჯარიმების ნაწილის ამოქმედება 2021 წლიდან არის ნავარაუდევი.
რეგულაციების მიხედვით, თუ ადგილი ექნება საცხოვრებელ ადგილას ბუნებრივი გაზის ისეთი დანადგარით სარგებლობას, რომლის განთავსება ამ ადგილას დაუშვებელია, ასევე თვითნაკეთი ან შესაბამისობის სერტიფიკატის/დეკლარაციის არმქონე ბუნებრივი გაზის დანადგარით სარგებლობისას, ბუნებრივი გაზის მოხმარება ისეთი მილგაყვნილობის მეშვეობით, რომელიც არ არის განკუთვნილი ბუნებრივი გაზის გატარებისათვის, ბუნებრივი გაზის დანადგარის გამონაბოლქვისთვის ისეთი არხის გამოყენება, რომელიც არ არის საამისოდ განკუთვნილი ან ბუნებრივი გაზის დანადგარის ექსპლუატაციაში სავალდებულო სავენტილაციო/საკვამლე არხის გარეშე, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და საჯარო დაწესებულების დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.
აღნიშნული დარღვევების განმეორებით ჩადენა, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნების გამო გამორთული მომხმარებლის გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა ან ბუნებრივი გაზის შიდა ქსელზე ისეთი ხელსაწყოს გაზმომარაგების თვითნებური აღდგენა, რომელიც გაუმართაობის გამო იყო ჩახსნილი/გამორთული – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირისა და საჯარო დაწესებულების დაჯარიმებას – 1500 ლარის ოდენობით.
პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ბუნებრივი გაზის სექტორში მწვავედ დგას გაზდანადგარებისა და ქსელის განთავსების, ასევე მათი ექსპლუატაციის პრობლემა. გაზდანადგარების არასწორი განთავსებისა და ექსპლუატაციის, თვითნაკეთი, კუსტარული დანადგარებით სარგებლობის, სავენტილაციო არხების არასწორი გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების სხვა დარღვევების გამო ნახშირბადის მონოქსიდით (CO) მომხმარებელთა მოწამვლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, ადგილი ჰქონდა ბუნებრივი გაზის გაჟონვის, დაგროვებისა და აფეთქების ფაქტებს. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა მიერ გაუმართავი შიდა ქსელის ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების თავიდან აცილება.
პროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს.