პირველი მცენარეები, რომელთა მოყვანაც ადამიანს მარსზე შეეძლება — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მას შემდეგ, რაც მარსამდე მიღწევის ყველა სირთულეს დავძლევთ, უნდა გავარკვიოთ, თუ როგორ გავხადოთ იქ ცხოვრება მდგრადი — ამის უმთავრესი ნაწილი კი იქნება იქ მცენარეების მოყვანა-მოშენება.
თუკი ნანახი გაქვთ ფილმი „მარსელი“, ალბათ გახსოვთ, როგორ წვალობს მეტ დეიმონის პრესონაჟი წითელი პლანეტის ლანდშაფტზე მცენარეების მოყვანაში; ფილმს NASA-ს ექსპერიმენტები უდევს საფუძვლად.
ეს ყველაფერი არც ისე მარტივია. მარსის ქვა-ღორღი და მტვერი არა მხოლოდ ორგანულ მასალებსა და სასარგებლო მიკრობებს არის მოკლებული, არამედ ასევე სავსეა ისეთი მარილებითა და მინერალებით, რომელთა გამოც, უმეტეს მცენარეს დიდი ბრძოლა მოუწევდა გადარჩენისთვის.
ახალი კვლევა შედარებით მარტივ გზას გვთავაზობს: იონჯა. მკვლევრებმა განსაზღვრეს, რომ ეს საფურაჟე, ანუ საკვები მცენარე გადარჩება მარსის უხეშ ვულკანურ მიწაში, შემდეგ კი მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება, ისეთი საკვები მცენარეების სასუქად, როგორებიც არის თალგამი, ბოლოკი და სალათა.
„მარსის მიწის საკვები ნივთიერებების დაბალი შემცველობისა და წყლის ძლიერი მარილიანობის გამო, ისინი გამოუსადეგარია საკვები მცენარეების პირდაპირი მოშენება-გამრავლებისთვის. შესაბამისად, გადამწყვეტია ისეთი სტრატეგიების შექმნა, რათა მარსის მიწაში გაიზარდოს საკვებ ნივთიერებათა შემცველობა მოხდეს მლაშე წყლის გამტკნარება გრძელვადიანი მისიებისთვის“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
წინა კვლევები მიუთითებს, რომ მარსის ზედაპირზე მცენარეებს ზრდა რეალურად გაუჭირდებათ მიწაში საკვებ ნივთიერებათა მიწოდების გარეშე. სწორედ აქ უნდა ჩაერთოს საქმეში იონჯა.
მარსის რეგოლითის ზუსტი ანალოგის მიღება რთულია, მაგრამ მკვლევრებმა ის რაც შეეძლოთ ისე დაამთხვიეს, შემდეგ კი მასში სხვადასხვა თესლი გატესტეს.
გაირკვა, რომ იონჯა მასში ისეთივე ჯანმრთელი გაიზარდა, როგორც დედამიწაზე, ყოველგვარი სასუქის დამატების გარეშე.
შემდეგ გატესტეს მარსის სიმულირებული რეგოლითი, რომელსაც სასუქის სახით იონჯა დაუმატეს. აღმოჩნდა, რომ მასში წარმატებით გაიზარდა თალგამი, ბოლოკი და სალათა — სამი მცენარე, რომლებიც მოითხოვს ნაკლებ მოვლას, წყალს და იზრდება სწრაფად.
თუმცა, არის ერთი მომენტი: საჭირო იყო მტკნარი წყალი. დამატებით ექსპერიმენტებზე დაყრდნობით, ჯგუფი ფიქრობს, რომ მარსზე ხელმისაწვდომი მარილიანი წყალი შეიძლება დამუშავდეს გარკვეული ტიპის წყლის ბაქტერიით, შემდეგ კი გაიფილტროს ვულკანური ქანებით და საბოლოოდ მივიღებთ მცენარეების ზრდისთვის საჭირო მტკნარი წყალი.
„პირველად ისტორიაში, ვიუწყებით ბიოსასუქისა და მიკრობის ინტეგრირებულ გამოყენებას მარსის ბაზალტური რეგოლითისა და მლაშე წყლის სიმულანტების ეფექტიანად დამუშავებაში, რაც მცენარის ზრდისთვის შესაფერისი რესურსები აღმოჩნდა“, — წერენ მკვლევრები.
მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. თუნდაც ის, რამდენად ზუსტად მოხდა მარსის მიწის მიბაძვა აქ, დედამიწაზე. შესაძლებელია, რომ როდესაც ამის გაკეთება ოდესმე მარსზეც დაგვჭირდება, ზედაპირის რეგოლითი ზუსტად არ დაემთხვეს იმას, რასაც ველოდით.
სიმულირებულ მიწას ასევე აკლდა ზოგიერთი ტოქსიკური პრექლორატი მარილი, რომლის გამორეცხვაც მარსის ნიადაგიდან მტკნარი წყლით არის საჭირო.
თუმცა, ამ ექსპერიმენტის შედეგები მეცნიერებს და ასტრონავტებს კვლევისთვის უფრო იმედისმომცემ ვარიანტებს სთავაზობს. მკვლევართა მიერ აღწერილი მიდგომები პრაქტიკაში განსახორციელებლად მარტივი და ეფექტიანია.
მარსზე სასუქად იონჯის მოყვანა გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე საკვებისთვის უამრავი მაცივრის წაღება მილიონობით კილომეტრის მანძილზე.
კვლევა PLOS One-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.