საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ღამის საათებში ვაკის ტერიტორიიდან დაიწყება
„თბილსერვის ჯგუფი“ ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლას ღამის საათებში 32 ქუჩაზე, 2018 წლის პირველი მარტიდან დაიწყებს. ღამის გრაფიკზე გადასვლა საპილოტე პროექტის ფარგლებში განხორციელდება და საწყის ეტაპზე ვაკის პარკიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე ლოკაციას და აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა ქუჩებს მოიცავს. ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ გააკეთა.
მერია ამ ქუჩებზე დამატებით კონტეინერებსა და ნაგავშემკრებ ყუთებს დადგამს. საპილოტე პროექტის ფარგლებში, ნაგავმზიდი მანქანები 22:00 საათიდან იმოძრავებენ და 32 ქუჩაზე 375 ნაგავშემკრებ კონტეინერს დაცლიან.
მერიაში იმედოვნებენ, რომ მოსახლეობა მათ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და ნაგავს საღამოს საათებში გადაყრის.
საპილოტე პროექტი უახლოეს პერიოდში დედაქალაქის სხვა უბნებსაც მოიცავს.