პირველი ივლისიდან ლომბარდებს მომხმარებლის მიერ დაგირავებული ქონების გადაგირავება აეკრძალებათ
პირველი ივლისიდან ლომბარდებს მომხმარებლის მიერ დაგირავებული ქონების გადაგირავება აეკრძალებათ

მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ლომბარდებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, მათ მომხმარებლის მიერ დაგირავებული ქონების გადაგირავება აეკრძალებათ.

შესაბამისი ცვლილება „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე კანონში“ შედის. ცვლილებით, სესხის გამცემ სუბიექტს, ამ შემთხვევაში, ლომბარდს ეკრძალება, მომხმარებლის მიერ დაგირავებული ქონება გადააგირაოს.

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ლომბარდებს სესხის მისაღებად საკუთარი აქტივების დაგირავება შეეძლებათ, მაგალითად – გაცემული სასესხო პორტფელი, ან საკუთარი უძრავ-მოძრავი ქონება და არა, მის მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული სხვისი ქონება.

„ცვლილების ძირითად მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რადგან დაგირავებული ქონების გადაგირავება არსებითად ზრდიდა აღნიშნული ქონების დაკარგვის რისკს და აჭიანურებდა სესხის გადახდის შემდეგ ქონების დაბრუნების პროცესს“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

უწყება განმარტავს, რომ ეს ლომბარდებისთვის რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას არ ნიშნავს, არამედ დაკრედიტება გადადის ცივილიზებულ სტანდარტზე, რაც გულისხმობს, რომ ორგანიზაციას სესხის მისაღებად შეეძლება დააგირავოს საკუთარი აქტივები.

„არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის“ დამფუძნებლის, გივი კორინთელის განცხადებით, წლებია, ლომბარდები ამ პრინციპით მუშაობენ – კლიენტისგან დაგირავებულ ნივთს კომერციულ ბანკში აგირავებენ და ამ გზით იღებენ კრედიტს ფუნქციონირებისთვის.

ამასთან, კორინთელი მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციის ამოქმედება, ბაზრიდან ლომბარდების დაახლოებით 90 პროცენტის გაქრობას გამოიწვევს, რაც როგორც სექტორს, ისე მომხმარებელს დააზარალებს.

„შეიძლება ითქვას, პირველი ივლისიდან წვრილ ლომბარდებს არსებობის არანაირი შესაძლებლობა აღარ ექნებათ. ეს ბიზნესმოდელი სწორედ ამაზე იყო აგებული, მათ დამატებითი ინვესტიციის მოზიდვის საშუალება არ ჰქონდათ, შესაბამისად, ერთადერთი წყარო კომერციული ბანკი იყო. ზუსტად იმ პროდუქტის გამოყენებით, რომელსაც ახლა აცლიან ხელიდან, ვფიქრობ, ლომბარდების დაახლოებით 90 პროცენტამდე ოპერირებას ვეღარ გააგრძელებს“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან „არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის“ დამფუძნებელი გივი კორინთელი.

კორინთელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბაზარი რამდენიმე მსხვილი სალომბარდო ორგანიზაციის ან კომერციული ბანკების ხელში გადავა.

„ეს ყველაფერი მაქსიმუმ სამ-ოთხ დიდ სალომბარდო ქსელზე გადანაწილდება. ალბათ, დიდი ლომბარდები შეისყიდიან თავის ფართებიანად და ბიზნესიანად მცირე ლომბარდებს. ამ სცენარის მეორე განვითარება, შესაძლებელია იყოს, რომ თვითონ ბანკები შევლენ აქტიურად საცალო დალომბარდების ბაზარზე. ეს არის რეალურად საკმაოდ „მსუყე ნაჭერი“ საფინანსო ბაზრის, რადგან ადამიანებს ყოველთვის ექნებათ მცირე თანხების მყისიერად მოძიებაზე მოთხოვნა, ეს ყოველთვის იყო, არის და იქნება. ფაქტობრივად, სწრაფი სესხების ბაზარი აღარ არსებობს და ეს ერთადერთი ბაზარი იყო დარჩენილი, რომელიც ასე თუ ისე, ადამიანს თანხის მიღების საშუალებას აძლევდა“, – აღნიშნავს „არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის“ დამფუძნებელი.

მისი შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი გარიგება მოქალაქესა და ლომბარდს შორის, მათი ურთიერთობა, რომელიც არანაირად არ ვნებს მოქალაქის ფინანსურ შემოსავლებს.

„წარმოუდგენელია, რეალურად 200-300 ლარის საკითხმა ისე დაარტყას მას ფინანსურად, რომ ცხოვრება ვეღარ შეძლოს, მით უმეტეს, აქვს დაგირავებული ნივთი და ეს არის მისი არჩევანი. არ კარგავს ბინას ან არსებობის წყაროს. ვფიქრობ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია ამ სფეროში ასეთი ხისტი რეგულაციების შემოტანა, რომელიც ფაქტიურად, ბაზრის 90 პროცენტს კლავს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს გივი კორინთელმა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს 2018 წლის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა 2017 წლის ბოლოსთვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 875 მოქმედი ორგანიზაცია ფიქსირდებოდა. აქედან, 55,7 პროცენტი თბილისში; 12,1 პროცენტი – იმერეთის რეგიონში; 9,9 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში; 9,7 პროცენტი – აჭარაში; ხოლო დანარჩენი 12,6 პროცენტი სხვა რეგიონებში ფუნქციონირებდა. 2017 წლის განმავლობაში ლომბარდების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა, მათ შორის 64,7 პროცენტი ეროვნულ, ხოლო 35,3 პროცენტი უცხოურ ვალუტაში. გაცემული სესხების 96,4 პროცენტი ფიზიკურ, ხოლო 3,6 პროცენტი იურიდიულ პირებზე მოდის. ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობა 2017 წლის ბოლოსთვის 23,8 მლნ ლარი იყო. 2017 წლის მონაცემებით, ლომბარდების კლიენტთა რიცხვმა 600 ათასს გადააჭარბა.