პირველი არხის ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებულ ცოტნე ჩიხლაძის ადვოკატი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან გირაოთი გამოშვებას ითხოვს
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებულ ცოტნე ჩიხლაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან 2000-ლარიან გირაოს ითხოვს.
როგორც ადვოკატმა, თამარ დოხტურიშვილმა განაცხადა, ბრალდების მხარე ძალიან მკაცრია.
„არავის მოსწონს ძალადობა, რასაც ადგილი ჰქონდა და რაც იყო ამ დღეებს. აქ საუბარია რამდენად აქვთ ამ პირებს შემხებლობა. იმ მასალებში, რაც გადაცემულია, არ არის დასაბუთებული სტანდარტის ვარაუდი. რაც შეეხება მოწმეთა ზემოქმედებას, მოგვიანებით არის აყვანილი, არ ყოფილა მოწმეებზე ზემოქმედება. სავარაუდოდ, არც იცნობს ამ მოწმეებს. ვფიქრობ, რომ მას აღკვეთის ღონისძიება არ უნდა შეეფარდოს ან თუ შეეფარდება, გირაოს განვსაზღვრავთ 2000 ლარით“, – განაცხადა ადვოკატმა.
რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.
მედიის წარმომადგენლების, მათ შორის ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის ფაქტებზე დაკავებულ რვა პირს პროკურატურამ ბრალდება დღეს წარუდგინა.