მედიის წარმომადგენლების, მათ შორის საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის ფაქტებზე დაკავებულ რვა პირს ბრალდება წარედგინა
მედიის წარმომადგენლების, მათ შორის საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის ფაქტებზე დაკავებულ რვა პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს  პროკურატურამ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ, მათ შორის საქართველოს პირველი არხის ოპერატორისთვის ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული ძალადობისა და „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის ფაქტებზე დაკავებულ რვა პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ხუთ პირს – ც.ჩ-ს, ბ.მ-ს, თ.გ-ს, ო.გ-ს, მ.დ-ს და „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე სამ პირს – ა.ა.-ს, გ.ე.-ს და გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები – ც.ჩ., ბ.მ., თ.გ., ო.გ. და მ.დ. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს, და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ბრალდებულები ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორს და „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მედიის წარმომადგენლების მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ბრალდებულები – ა.ა., გ.ე. და გ.ო. ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, ასევე მათი საზოგადოებრივი საქმიანობის შეზღუდვის მიზნით, უკანონოდ შეიჭრნენ ოფისში და დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარი.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2021 წლის 7 და 8 ივლისს დააკავეს. ც.ჩ-ს, ბ.მ-ს, თ.გ-ს, ო.გ-ს და მ.დ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ. ა.ა.-ს, გ.ე.-ს და გ.ო.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ. დაკავებულთა მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 16 პირს წარედგინა.

ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 35 პირი, მათ შორის 29 ჟურნალისტი და ოპერატორი.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების და ასევე, ორგანიზატორების დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი