პირველი არხის ახალი სეზონი

საქართველოს პირველი არხი ახალ სეზონს იწყებს. პირველი არხი ყველასთვის – საზოგადოებრივი მაუწყებლობა ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის არის განკუთვნილი და მათთვის მოსახერხებელი ყველა პლატფორმისთვის ქმნის პროექტებსა და გადაცემებს.

პირველ არხზე მაყურებელმა ცხელი სპორტული ზაფხული გაატარა – „UEFA 2020“, „ტოკიო 2020“ და პირველად საქართველოში „ტოკიო 2020 – პარალიმპიადა“. 6 სექტემბრიდან  კი მაყურებელს სრულად განახლებული ეთერი ელოდება.

ეთერში ბრუნდება არსებული გადაცემები განახლებული ფორმატებით, სტუდიებით,  მრავალფეროვანი რუბრიკებით და თემებით. პირველი არხის 2021 წლის ტელე და რადიო ეთერის 70 პროცენტი ორიგინალურ ქართულ პროდუქტს დაეთმობა.

საქართველოს პირველი არხი

განახლებული სეზონით ბრუნდება საზოგადოებრივ-პოლიტიკური ზოლის გადაცემები. „მოამბეს“  დაემატა 18:00-საათიანი გამოშვების ახალი ფორმატი, რომელიც სტუდიაში სტუმრის ბლოკს ითვალისწინებს.

„მოამბის“ ახალ შეფუთვაზე ემის ჯილდოს მფლობელმა, კომპანია Ultra Graphics-ის კრეატიულმა დირექტორმა ჯეიმს ჯექსონმა იმუშავა. მას მაუწყებლობის მენეჯმენტსა და დიზაინის სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. საინფორმაციო პროგრამების შეფუთვის მიმართულებით კი უთანამშრომლია ისეთ მედიაკომპანიებთან, როგორიცაა: CBS, NBC და ა.შ.

 

ახალი სეზონიდან ყოველ შაბათს, 21:00 საათზე ეთერში იქნება „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“. მაყურებელი ნახავს დღის, თუ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი თემის შესახებ მომზადებულ რეპორტაჟებს და შემოგთავაზებთ ამ თემებზე სხვადასხვა მხარის შეფასებებს და პოზიციას, იმ გადაწყვეტილებებს, რაც ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას.

გადაცემა „დღის თემა“ კვირაში ორჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს 22:00 საათზე გავა ეთერში. გადაცემის წამყვანი თამთა სანიკიძე სტუმრებთან ერთად დღის მთავარ თემას  განიხილავს. მაყურებელს საშუალება ექნება მიმდინარე თემებზე მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, მოისმინოს მხარეების არგუმენტები და შეფასებები.

12 სექტემბრიდან ახალ სეზონს იწყებს გადაცემა „ახალი კვირა“, ყველაზე აქტუალური, მწვავე თემებით და რეალური  ისტორიებით ადამიანებზე. წელს გადაცემაში განსაკუთრებულად იქნება აქცენტირებული საგამოძიებო ჟურნალისტიკის კომპონენტი, რომელიც საერთაშორისო და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების სრული დაცვით მომზადდება.

„დებატები 2021“ – საქართველოს პირველი არხის მიზანია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო პროცესი გაშუქებული იყოს დაბალანსებულად და მიუკერძოებლად, ყველა საერთაშორისო სტანდარტისა და იმ ღირებულებების დაცვით, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს. პირველი არხი გეგმავს სპეციალურ საარჩევნო ფორმატს „დებატები 2021“. დებატებს ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე გაუძღვება.

გადაცემა „თავისუფალი ხედვა“ 7 სექტემბრიდან იწყებს ახალ სეზონს და მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების და კვირის მთავარი მოვლენების განხილვას დაეთმობა.

„42°პარალელი“ წარმოგვიდგენს იმ საერთაშორისო მოვლენების ანალიზს, რომლებიც გლობალურ თუ რეგიონულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტენდენციებს ქმნის. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა კავკასიაში მიმდინარე პროცესებს, ასევე, მოვლენებს, რომლებიც ამ პროცესებზე გავლენას ახდენს.

6 სექტემბრიდან ეთერში ბრუნდება ყოველდღიური გადაცემა „ახალი დღე“ ახალი რუბრიკებით.

6 სექტემბრიდან ყოველ სამუშაო დღეს, 16:30 საათზე „დღის კოდი“ აქტუალური თემებით და ბლოკებით მაყურებლებს შეხვდება.

„პირადი ექიმი მარი მალაზონია“ და გადაცემაში მოწვეული მაღალი კომპეტენციის ექიმები საზოგადოებას საჭირო, სასარგებლო, რაც მთავარია, გადამოწმებულ და სანდო ინფორმაციას მიაწოდებენ, რაც პანდემიის პერიოდში უმნიშვნელოვანესია.

ეთერში ბრუნდება სპორტული გადაცემა „ტაიმაუტი“, რომლის წამყვანებს ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი შეუერთდა. გადაცემა ახალ სეზონზე 18:00-საათიანი „მოამბის“ შემდეგ გავა ეთერში.

ყოველ შაბათს 14:00 საათზე, „საფეხბურთო ტაიმაუტი“ ვლადიმერ გუცაევთან და გიორგი თვალაბეიშვილთან ერთად.

გადაცემა „ბიზნესპარტნიორი“ განახლებული დროით, ყოველ სამუშაო დღეს 12:30 საათზე გავა ეთერში.

ყოველ პარასკევს, საღამოს ეთერში მაყურებელს „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ ელის, რომელიც საინტერესო რესპონდენტებთან არაორდინარული ინტერვიუების სერიაა და უკვე კარგად ნაცნობ პერსონას სულ სხვა კუთხით აცნობს მაყურებელს.

11 სექტემბრიდან ეთერში ასევე ბრუნდება შემეცნებით-გასართობი გადაცემა „ამ შაბათ-კვირას”, რომელსაც მაყურებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი წამყვანები: ლიზა ბაგრატიონი, ლიკა ევგენიძე და გიორგი შარვაშიძე გაუძღვებიან.

11 სექტემბრიდან, ყოველ შაბათს, 22:00 საათზე, ახალი სეზონით ეთერს უბრუნდება ორიგინალური საბავშვო მუსიკალური პროექტი „რანინა“, რომელიც 2021 წლის ევროვიზიის საბავშვო კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელს გამოავლენს.

ახალი სეზონიდან მაყურებელი ასევე ნახავს თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი, პირველი ქართული საბავშვო ანიმაციური სერიალის „მაშველები“ ახალ სეზონს.

12 სექტემბრიდან, ყოველ კვირას, 15:30 საათზე მაყურებელი „უოლტ დისნეის“ ანიმაციურ ფილმებს სრულად ქართული გახმოვანებით იხილავს, ანიმაციის სიმღერების ქართულად ადაპტირებული ვერსიებით. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს კომპანია „დისნეიმ“ (The Walt Disney Company) საქართველოში პირველად თანამშრომლობის კონტრაქტი პირველ არხთან გააფორმა. საოჯახო ყურებისთვის განკუთვნილი ფილმები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შერჩეულმა ორმა სტუდიამ – „ფონოგრაფმა“ და „ბრავო რეკორდსმა“ გაახმოვანა.

13 სექტემბრიდან, ყოველ  სამშაბათს და ოთხშაბათს, 20:00 საათზე  ყველასთვის საყვარელი გასართობი შოუ „მარტივი ლოგიკა“  ახალი სტუდიიდან უმასპინძლებს მაყურებელს.

შემოდგომის სეზონზე „წიგნების თარო“ მეთერთმეტე სასკოლო და მეშვიდე სტუდენტურ სეზონს შესთავაზებს მაყურებელს. 17 სექტემბრამდე კი კემბრიჯისკენ მიმავალ თავგადასავალში მონაწილეობისთვის მიმდინარეობს რეგისტრაცია.

19 სექტემბრიდან პირველი არხზე ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუს „მასტერშეფის“  ახალი სეზონი დაიწყება. „მასტერშეფი“ არა მხოლოდ გემრიელი შოუა, რომელიც კულინარიას ეხება, არამედ მაყურებელს აცნობს ქართულ და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს,  როგორც კულტურის ნაწილს, წარმოაჩენს ადამიანებს, რომლებიც განსხვავებული სფეროებიდან იკრიბებიან და ახალ გამოწვევებს იღებენ, იბრძვიან და იმარჯვებენ.

საქართველოში პირველად  ოთხი Emmy-ისა და სხვა მრავალი სატელევიზიო ჯილდოს მფლობელი SONY Pictures-ის პოპულარულ მეგაშოუ პროექტი „შარკ თენქ საქართველო“ იწყება, ეს არის პირველი არხის მიერ შექმნილი პლატფორმა, რომელიც დამწყებ ბიზნესს საშუალებას აძლევს ინვესტიცია მოიპოვოს, პროცესს კი მაყურებელს საინტერესო ფორმით სთავაზობს. პროექტი მიზნად ისახავს ქართულ ბიზნესში ქართული ინვესტიციის განხორციელების ხელშეწყობას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ზაფხულის განმავლობაში, მონაწილეთა რეგისტრაციის პარალელურად პირველი არხის მენეჯმენტი სტენლი შოუსთან და „ბიზნესპარტნიორთან“ ერთად რეგიონებში დაინტერესებულ კანდიდატებთან შეხვედრებს ინტენსიურად მართავდა.

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ცნობილი გადაცემის ქართული ანალოგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ინოვაციური ბიზნესიდეების რეალობად ქცევა და დაფინანსების მიღება ან უკვე არსებული ბიზნესის განვითარება სურს. პროექტის „შარქ თენქ საქართველო“ მონაწილეების შესაძლებლობებს ხუთი ბიზნესმენი შეაფასებს და გადაწყვეტს, დააბანდებს თუ არა მათ იდეებში ინვესტიციებს.

ახალ სეზონს იწყებს ყველასთვის საყვარელი ქართული სერიალი „იდეალური დედა“, რომელსაც მაყურებელი მოუთმენლად ელის.

18 სექტემბრიდან, ყოველ შაბათს, 23:00 საათზე ეთერს უბრუნდება ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ მე-19 სეზონი. შემოდგომის სერია (სექტემბერი – ოქტომბერი) ექვს ეპიზოდს შესთავაზებს გულშემატკივარს. წელს პირველად თამაშს საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდი უერთდება, გიორგი გვიმრაძის ექვსეული პირველი არხის ტელესახეებით არის დაკომპლექტებული: ნიკოლოზ ლობილაძე, ლუკა ჭოჭუა, ხატია ალადაშვილი, დავით ველიჯანაშვილი და სანდრო რაჩკოვსკი.

გადაცემა „აკუსტიკა“ წელსაც ნებისმიერი მუსიკალური გემოვნების მსმენელს გაანებივრებს მრავალი ჟანრის და მიმართულების ხარისხიანი პროდუქტით.

ამ სამაუწყებლო სეზონზე დათო ევგენიძის საავტორო გადაცემა „მუსიკის 12 მოციქული“ მაყურებელს ქართველ კომპოზიტორებთან ერთად შექმნილ ახალ პროექტს შესთავაზებს.

11 სექტემბრიდან ეთერში ბრუნდება აკა მორჩილაძის საავტორო პროექტის „დაკარგული წიგნები“ ახალი სეზონი.

ოქტომბრიდან ახალი სეზონით ბრუნდება დოკუმენტური ფილმების სერია „ჩვენი საქართველო“, რომელიც გვიყვება, როგორ დაიბადა საქართველო, რა გავლენას ახდენდა და ახდენს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ჩვენს ქვეყანაზე. როგორ იქმნებოდა უძველესი დროიდან საერთო კულტურული სივრცე და ერთიანი ქვეყანა, რომელსაც ჩვენი საქართველო ჰქვია. შემოდგომის სეზონზე გადაცემა 10 ეპიზოდს შესთავაზებს მაყურებელს.

გადაცემა „დოსიე“ განახლებული ფორმატით ბრუნდება ეთერში და სტუმართან ერთად მაყურებელს საინტერესო და სიღრმისეულ დისკუსიას შესთავაზებს.

11 სექტემბრიდან გადაცემა „რეალური სივრცე“ ახალი სტუდიიდან დაუბრუნდება ეთერს.

ახალი სეზონიდან გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორი“ აგრძელებს მუშაობას და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების შესახებ საგამოძიებო ფილმების მომზადებას. პროექტის მიზანია საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების დაფარული ფაქტებისა და მხარეების ძიება და გამოვლენა.

გადაცემა „ფერმა“ შემოდგომის სეზონიდან ახალი წამყვანით ბრუნდება, გუნდის ახალი წევრი მიშო ტატანაშვილი  კონკურსის შედეგად შეირჩა.

 

ეთერს უბრუნდება გადაცემა „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“, რომელიც მაყურებელს 26-წუთიანი ვიდეოფილმის ფორმატში სთავაზობს მივიწყებულ ქართველ მსახიობთა, რეჟისორთა, მწერალთა, სკულპტორთა, მუსიკოსთა და მხატვართა პორტრეტებს.

სექტემბრიდან ეთერშია იუმორისტული ტოქშოუ „კაცები“ ყველაზე აქტუალური და გემოვნებიანი იუმორით.

ახალი სეზონიდან პირველი არხი იწყებს უმნიშვნელოვანეს პროექტს „ტელედოკი“ – ყოველკვირეული ნახევარსაათიანი დოკუმენტური ჩანახატები ადამიანებზე, რომლებიც აქტუალურ და საინტერესო საზოგადოებრივ, კულტურულ, ეკონომიკურ და/ან სოციალურ ცხოვრებაში არიან ჩართულები; მათ ყოველდღიურ საქმიანობაზე,  პრობლემებზე, ფიქრებზე, ოცნებებსა და იდეალებზე.

პირველი არხი –  ტელესკოლა

პირველი არხი ტელესკოლა ახალ სეზონს 15 სექტემბრიდან დაიწყებს. პანდემიის შედეგად სასწავლო პროცესის ნაწილობრივ თუ სრულად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობა სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის გამოწვევად იქცა. საქართველოს პირველმა არხმა ამ პერიოდში საზოგადოებას უნიკალური შესაძლებლობა შესთავაზა და სასკოლო პროგრამა სატელევიზიოდ ადაპტირებულ ფორმატში გადაიტანა, რითაც საშუალება მისცა სახლში დარჩენილ მოსწავლეებს დისტანციურად გაეგრძელებინათ სწავლა.

ახალი სეზონიდან პირველი არხი-ტელესკოლა მოსწავლეებს და მათ მშობლებს შესთავაზებს არა მხოლოდ სასწავლო პროგრამის შემადგენელ საგნებს, არამედ საინტერესო კლასგარეშე პროექტებს: ტელეგაკვეთილები; ჩვენი საქართველო; ქართული ჟესტური ენის გაკვეთილები; ინგლისური ყველასთვის; ქართული ხალხური სიმღერის გაკვეთილები; როგორ გავაკეთოთ?; ასტრონომთა კლუბი; გენიოსები; ზღაპრები; იოგას ვარჯიშები.

ახალგაზრდული თოქ-შოუები: წითელი სკამი; Z თაობა.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით – რჩევები მშობლებს – გადაცემა მზადდება „იუნისეფის“ და „კოალიცია განათლება ყველასთვის – საქართველო“-სთან პარტნიორობით. სამასწავლებლო – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო პლატფორმა „კენწეროს“, CDD-სა და დემლაბის პარტნიორობით. ასევე შემეცნებითი ვიდეოტიხრები მწერლებზე, ბუნებაზე, კოსმოსზე. სასწავლო ვიდეოტიხრები – ინგლისური ერთ წუთში.

ტელესკოლა ახალ სეზონზე კვლავ მოამზადებს ქართულის გაკვეთილებს აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი მოსწავლეებისთვის.

საქართველოს რადიო

სექტემბრიდან ახალ სამაუწყებლო სეზონს იწყებს საქართველოს რადიო, თავისი მრავალფეროვანი და ინფორმაციული გადაცემებით. ყველა არსებული პროექტი ეთერში ბრუნდება სიახლეებით და მაყურებელს ბევრ საინტერესო გადაცემას შესთავაზებს: ახალი ამბები – ყოველ ნახევარ საათში; მსოფლიო ამბები; ღია სტუდია; ესტაფეტა; პიკის საათი; სახლისკენ; რადიო-ექსპრესი; ჩაი ორისთვის; კლასიკის საათი; აკუსტიკა; მუსიკის 12 მოციქული; სი ბემოლ ვიტამინი; მთელი ეს როკი; უცნობი მუსიკა; გია ხადურის პოპ გაკვეთილები; ჯაზოფრენია; ჩაკრულო (ფოკლორი); ტრადიციული მუსიკა (ფოლკლორი); რადიოკალენდარი; წიგნის დრო.

Digital First1TVPlay

ახალი სეზონიდან მომხმარებელს სიახლე ელის პირველი არხის მობილურ აპლიკაციაში 1TVPlay, რომელიც  აერთიანებს მაუწყებლის რამდენიმე მიმართულებას და არის მაუწყებლის Digital First სტრატეგიის ნაწილი.

ახალ სეზონზე 1TVPlay ფუნქციურად განახლებულ ვერსიას სთავაზობს მომხმარებელს. აპლიკაციაზე მომუშავე გუნდი აქცენტს ორიგინალური კონტენტის შექმნაზე გააკეთებს.  ახალი პროექტები ინფლუენსერების ჩართულობით მომზადდება და  აქტუალურ თემებზე ფოკუსირებულ მასალებს წარუდგენს აუდიტორიას.

1TVPlay მთავარი სპორტული ღონისძიებების ლაივებს შესთავაზებს მომხმარებელს, სრული საინფორმაციო ეკოსისტემით, რაც გულისხმობს ანგარიშების, მატჩის დროების და ა.შ. ინდივიდუალურ შეტყობინებას.

აპლიკაციის საშუალებით მაყურებელს ახალი ან უკვე პოპულარული პროექტების  ეპიზოდების პრემიერის ნახვის შესაძლებლობა ექნება.

პირველი არხი მაყურებელს, მსმენელს და მკითხველს მთელი წლის განმავლობაში შესთავაზებს პროდუქტს, რომელიც საზოგადოების გაერთიანებას, დიალოგს და განვითარებას შეუწყობს ხელს. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა ადამიანი იპოვის მისთვის საინტერესო და საჭირო გადაცემას, სწორედ ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი საეთერო სეზონის კონცეფციაა – პირველი არხი ყველასთვის.