პირველი არხის ახალი მობილური აპლიკაცია Mobile TV

პირველი არხის ახალი მობილური აპლიკაცია აერთიანებს მაუწყებლის რამდენიმე მიმართულებას და არის მაუწყებლის Digital First სტრატეგიის ნაწილი. აპლიკაცია Mobile TV-ის პრეზენტაცია დღეს გადაცემა „დღის კოდში“ შედგა.

Mobile TV-ში თავს იყრის პირველი არხის საგანმანათლებლო და გასართობი გადაცემები (სტოქსი, მასტერშეფი, სეანსი, მაშველები, აკუსტიკა, რანინა და ა.შ) გარდა ამისა, იტვირთება 21:00-იანი მოამბის ანონსი და „დღის ამბები“ მოკლედ. ეს არის Mobile TV-ის გუნდის მიერ შერჩეული დღის მნიშვნელოვანი ამბები მოკლე ვიდეო ფორმატში. აქვე თავმოყრილია „ტელესკოლის“ არქივი, რომელიც მუდამ ახლდება.

აპლიკაციისთვის იქმნება ასევე ორიგინალური კონტენტი (ვიდეოები, პოდკასტი და სხვა). იგეგმება, რომ აპლიკაციის განვითარებასთან ერთად, გაიზარდოს მსგავსი საინტერესო კონტენტის წარმოებაც.

მთავარ გვერდზე მომხმარებელი შეხვდება რჩეულ და დღის ვიდეოებს – ამ ველებს აკომპლექტებს აპლიკაციის გუნდი.

მომხმარებელს შეუძლია, შექმნას საკუთარი ფლეილისტი და გადმოწეროს გადაცემები და ვიდეოები ოფლაინ რეჟიმში საყურებლად.

აპლიკაცია საშუალებას იძლევა, გამოიწეროთ საინტერესო რუბრიკა/ტეგი და შეტყობინების ფუნქციის მეშვეობით, მიიღოთ სიახლეები გამოწერილი რუბრიკიდან. მაგალითად, თუ მომხმარებელი გამოიწერს სერიალ „სეანსს“, ყოველი ახალი სერიის დამატების შემდეგ, ავტომატურად გაეგზავნება შეტყობინება.

Mobile TV-ის გადმოწერა შეგიძლიათ, როგორც App Store-დან, ასევე Play Store-დან.